ხელისუფლებამ მიიღო სიგნალი, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მზადაა,
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში ახლა მაინც ჩაერთონ.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ბაქრაძეს არ დაუკონკრეტებია, რომელი პარტიიდან მოდიოდა ეს სიგნალი, მაგრამ გუშინ ცნობილი გახდა, რომ პირველ შეხვედრას ირაკლი ალასანიასთან გამართავდა. თუმცა, როგორც გაირკვა, ამ შემთხვევაში სიგნალი არა ბაქრაძე, არამედ თავად ალასანიამ მიიღო.
„ჩვენ ვუპასუხეთ ხელისუფლების ინიციატივას, რომლის თანახმადაც ჩვენ გვიწვევდნენ, რათა დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ პროექტთან დაკავშირებით,“ – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა.
ასეა თუ ისე, პირველი შეხვედრა საკონსტიტუციო კომისიის ოფისში გაიმართა.
წულუკიანის ინფორმაციით, კომისიის ხელმძღვანელობა და ხელისუფლება ერთ მხარეზე იყვნენ და ალასანია მათთვის საკუთარი პოზიციის დამტკიცებას ცდილობდა. ამის მიუხედავად, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
„როგორც ჩანს, ჩვენი შენიშვნები გაზიარებული არ იქნება და უმრავლესობა ამ პროექტს გაიტანს. მაგრამ ჩვენი ამოცანა იქნება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე უმცირესობაში დავტოვოთ „ნაციონალური მოძრაობა“ და ამით შევუშალოთ ხელი სააკაშვილი ს პრემიერობას,“ – აცხადებს ალასანია, რომელიც იგივე საკითხებზე ხელისუფლებასთან შეხვედრებს აღარ აპირებს.
პარლამენტის მეთაურის აზრით კი, მთავარია, რომ შესაძლებელია პოლიტიკურ ძალებთან დიალოგის წარმოება მაშინაც კი, როცა მათი ხედვები განსხვავდება.
რაც შეეხება კონკრეტულ ხედვებს: ალასანიას პარტია მხარს უჭერს შერეულ საპარლამენტო მოდელს ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტის და ძლიერი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებით. ხელისუფლების მოდელში კი ყველაზე ძლიერი არის პრეზიდენტი და შეთანხმება სწორედ ამ პრინციპთან დაკავშირებით ვერ ხერხდება.
„ჩვენ ვემხრობით ნახევრად საპრეზიდენტო მოდელს, სადაც პრეზიდენტი იქნება ძლიერი, მაგრამ გაწონასწორებული იქნება ძლიერი და ეფექტიანი პარლამენტით და რაც მთავარია, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებით. დღევანდელი სუპერ–საპრეზიდენტო მოდელი, რომელიც ავტორიტარიზმს უახლოვდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მოგვწონს, რაც ბატონ დემეტრაშვილის მიერაა შეთავაზებული. რასაც გვთავაზობენ, არც საპრეზიდენტო მოდელია და საერთოდ რაღაც გაუგებარი მოდელია,“ – აცხადებს თეა წულუკიანი.
დავით ბაქრაძე კი ამბობს, რომ ალასანიას შენიშვნები კონცეპტუალურად განსხვავდება შემუშავებული მოდელისგან და ვარაუდობს, რომ ამის გამო შენიშვნების გათვალისწინება ვერ მოხერხდება.
„კონსტიტუცია უნდა განსაზღვრავდეს სამართლიან პრინციპებს და პრინციპი ის არის, რომ ვინც იგებს არჩევნებს, ის განსაზღვრავს მმართველობას და იმის შიშით, თუ ვინ სად იქნება, რაიმეს შეცვლა არ შეიძლება,“ – აცხადებს პარლამენტის სპიკერი.
ალასანია კი ამბობს, რომ კონსტიტუციის სახელისუფლებო მოდელი არის მცდელობა სააკაშვილი ს მიერ კონსტიტუციის საკუთარ ინტერესებთან მორგების და კონსტიტუციის ინსტრუმენტად გამოყენება ხელისუფლებაში დარჩენისთვის.
წულუკიანის თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გაუღრმავდათ შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი სააკაშვილი ს ხელისუფლების სათავეში დარჩენისთვის კეთდება.
„ისიც ითქვა, რომ თუკი მომავალ არჩევნებზე ხალხი ნდობას „ნაცმოძრაობას“ გამოუცხადებს, ამ პარტიის რომელიმე ლიდერი და მათ შორის სააკაშვილი რატომ არ უნდა იყოს პრემიერიო?“ – აცხადებს წულუკიანი.
თუმცა ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ალასანიას პარტიის მიერ შეთავაზებული საკითხებიდან რომელიმე გაზიარებული იქნას.
Related Stories