| რუსეთის მოქალაქე დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველად |
|
13/12/2011 11:08 (158 დღე 05:33 minutes ago) | ||||||||||||
|
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობას ვადიმ ბროვცევი ასრულებს.
კოკოითი წავიდა, მაგრამ ხელისუფლებაში თავისი ხალხი მაინც დატოვა. გადადგომის წინ მან რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ჯიოევას აღშფოთება გამოიწვია და იმ შეთანხმების გაწყვეტით იმუქრებოდა, რომელსაც კრემლის წარმომადგენლის შუამავლობით კოკოითისთან მიაღწია. იგი მიიჩნევდა, რომ კოკოითიმ შეთანხმება დაარღვია, როცა გენპროკურორის მოადგილე ელდარ კოკოევი არარსებული საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა. საბოლოოდ, ჯიოევა მომხრეებმა დაარწმუნეს, რომ შეთანხმების გაწყვეტა კარგს არაფერს მოიტანდა, რადგან კოკოითი ისევ პრეზიდენტად დაბრუნდებოდა. რა მიიღო კრემლმა და რა მიიღო ჯიოევამ შექმნილი ვითარებიდან? ექსპერტების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ ყველაზე მოგებული კრემლი დარჩა, რადგან რუსეთის მოქალაქე ვადიმ ბროვცევი ახლა დე ფაქტო რესპუბლიკის პირდაპირი მმართველია. აღსანიშნავი, რომ ბროვცევსა და კოკოითის შორის მუდმივად კონფლიქტები იყო. კოკოითი მის მოშორებას ცდილობდა და პარლამენტში საკუთარი მომხრეების მეშვეობით ბროვცევის უნდობლობის საკითხს სვამდა, მაგრამ თვითაღიარებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, რუსეთის რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილის რომან პანოვის წყალობით, ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა ხოლმე. ბიბილოვიც უფრო კრემლის და, შესაბამისად, ბროვცევის კადრად ითვლებოდა, ამიტომ კოკოითი მას დიდად არ სწყალობდა. ანალიტიკოსების აზრით, კრემლმა თავისი მაინც გაიტანა: ჯიოევა არ გააპრეზიდენტა, კოკოითი უმტკივნეულოდ გაუშვა და ახალი არჩევნების ჩატარება თავის მიერ დანიშნულ პირდაპირ მმართველს დაუქვემდებარა. ზურაბ ბენდიანიშვილი, თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“, მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერში მთავარი ინტერესი მაინც ფული იყო. კრემლს ხელს არ აძლევდა ჯიოევასა და მისი გუნდის სახით ფინანსურ მაქინაციებში ახალი პირები შემოეყვანა.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


