საქართველოს კონტროლის პალატამ პოლიტიკურ პარტიების ფინანსური მონიტორინგისთვის ცხრილის სახით ანგარიშგების ფორმები შეიმუშავა, იუწყება ინტერპრესნიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ანგარიშგების ფორმები გამოქვეყნებულია კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე.
პოლიტიკური პარტიის მიერ ინფორმაცია ნებისმიერი სახის შემოწირულობის მიღების შესახებ, ფორმა #1-ის მიხედვით უნდა შეივსოს.
აღნიშნულ ფორმაში გაერთიანებულია სამი სახის ცხრილი: ცხრილი N1 - ეხება პოლიტიკური პარტიების ანგარიშებზე ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემოწირულობებს;
ცხრილი N2 - ეხება პოლიტიკური პარტიებისთვის ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ არაფულად შემოწირულობებს, მათ შორის პარტიების მიერ შეღავათიანი პირობებით მიღებულ ყველა სახის მატერიალურ ფასეულობას და მომსახურებას;
ცხრილი N3 - ეხება კომერციული ბანკები სგან მიღებულ კრედიტს, რომელიც საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან შედარების საფუძველზე შესაძლოა, მიჩნეულ იქნას შეღავათიანი პირობებით მიღებულ სესხად, რაც კანონის შესაბამისად ითვლება შემოწირულობად (იგულისხმება საარჩევნო პერიოდი);
კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის საფუძველზე, კონტროლის პალატამ, ასევე, შეიმუშავა პოლიტიკური პარტიების მიერ წარსადგენი წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმების პროექტი, სადაც უნდა იქნას წარმოდგენილი ანგარიში პარტიის წლიური შემოსავლის, გასავლის და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. ეს გულისხმობს პოლიტიკური პარტიების მიერ მათი საფინანსო საქმიანობის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მოწოდების ვალდებულებას.
ინფორმაციის წარდგენის გამარტივების მიზნით, პოლიტიკური პარტიების მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული საფინანსო საქმიანობის შესახებ წარსადგენი ინფორმაცია დაყოფილია რამოდენიმე ფორმად:
ფორმა N1 - გამონაკლისის სახით, ფორმა N1-ის ნაცვლად 2012 წლის 1 თებერვლამდე ჩასაბარებელ ფინანსურ დეკლარაციაში, რომელსაც თან უნდა ახლდეს აუდიტორის (აუდიტორული კომპანიის) დასკვნა, ივსება ფორმა N11. ზემოთ აღნიშნული დეკლარაცია მოიცავს 2011 წლის 1-ელ იანვრიდან 2012 წლის 1-ელ იანვრამდე საანგარიშგებო პერიოდს.
ფორმა N2 - ეხება პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულ შემოსავლებს საარჩევნო კამპანიის ფონდის გარდა;
ფორმა N3 - ეხება საარჩევნო კამპანიის ფონდისგან მიღებულ შემოსავლებს;
ფორმა N4 - ასახავს პოლიტიკური პარტიების მიერ გაწეულ ხარჯებს გარდა საარჩევნო კამპანიის ფონდისაგან და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისაგან მიღებული შემოსავლების ხარჯვისა;
ფორმა N5 - ეხება საარჩევნო კამპანიის ფონდისგან მიღებული შემოსავლების ხარჯვას;
ფორმა N6 - ეხება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისაგან მიღებული შემოსავლების ხარჯვას;
ფორმა N7 - წარმოადგენს პოლიტიკური პარტიების საბალანსო ანგარიშგებას;
ფორმა N8 - მოიცავს ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების საბანკო ანგარიშებზე სააღრიცხვო პერიოდის დასაწყისში და ბოლოს არსებული ნაშთების და ამ ანგარიშებზე განხორციელებული ჯამური მოძრაობების შესახებ;
ფორმა N9 - მოიცავს დეტალურ ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების სალაროში საანგარიშგებო წლის განმავლობაში განხორციელებულ მოძრაობის შესახებ;
ფორმა N10 - ეხება პოლიტიკური პარტიის საკუთრებაში არსებულ არაფინანსური აქტივების მოძრაობას;
ფორმა N10.1 - ეხება პოლიტიკური პარტიის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების შესახებ ინფორმაციას;
ფორმა N10.2 - ეხება პოლიტიკური პარტიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციას;
ფორმა N11 - ეხება პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულ შემოწირულებებს და საწევრო შენატანებს და ივსება მხოლოდ 2011 წლის შესახებ
კონტროლის პალატის ცნობით, წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმები წარმოდგენილია პროექტის სახით და შესაბამისად არ არის საბოლოო ვარიანტი. კონტროლის პალატა მზად არის განიხილოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მოსაზრებები ანგარიშგების შემუშავებულ ფორმებთან დაკავშირებით.
აღნიშნული დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება პოლიტიკურ პარტიებს 2012 წლის 1-ელ თებერვლამდე აქვთ.
ამასთან, კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური ფინანსურ ანგარიშს საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართული ოცნებისგანაც" ითხოვს. მონიტორინგის სამსახურის განმარტებით, კონტროლის პალატის მონიტორინგი ვრცელდება არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზე, არამედ იმ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებზე, რომელთაც აქვთ გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები; რომლებიც პირდაპირ ან აპირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან და დეკლარირებული აქვთ ყველა პოლიტიკური მიზანი.
პოლიტიკურ პარტიებს ანგარიშების წარსადგენად ვადა 1-ელ თებერვლამდე აქვთ, ხოლო "ქართულ ოცნებას" კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური, როგორც ამავე სამსახურში აღნიშნეს, "გონივრულ ვადას" განუსაზღვრავს.
Related Stories