
თურქეთი უტყუარად რეგიონალური ლიდერია, - ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთში, რეჯებ ტაიპ ერდოღანთან ერთად
გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ქვეყნის მეთაურებმა პრესკონფერენცია სტამბულში გამართეს, სადაც სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებულ 15 ქართველ და 3 თურქ მეზღვაურს დახვდნენ.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ერდოღანს დემოკრატიული ლიდერის დამახასიათებელი უნიკალური თვისებები აქვს.
"არ მინახავს არც ერთი ლიდერი, რომელიც ასე ზრუნავს თავის თითოეულ მოქალაქეზე. როცა გყავს 5 მილიონი მოქალაქე, ეს შედარებით ადვილია და როცა 70 მილიონი გყავს, ეს გაცილებით რთულია, მაგრამ თქვენთვის არა. ეს დიდი დემოკრატიული ლიდერის უნიკალური თვისებაა. ეს შემთხვევაც ზუსტად ასეთია. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობდით ამ თემაზე, ისევე, როგორც ბევრ სხვა საკითხზე, რომელიც ერთობლივ თანამშრომლობას ეხება. თურქეთი ძალიან დიდი მნიშვნელობის სახელმწიფო გახდა, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ის უტყუარად რეგიონალური ლიდერია. ლიდერი, რომელიც ქმნის და წარმართავს პროცესებს, რომელიც არის მშვიდობის მთავარი გარანტი ახლო აღმოსავლეთში და ევროპის ჩვენს ნაწილში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რომ არა თურქეთის აქტიური სამშვიდობო როლი არაბულ სამყაროში გასულ წელს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე ირანისა და სირიის პროცესებისადმი, ბევრი საკითხი გართულდებოდა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ევროპელ მეგობრებთან საქართველო ხშირად თურქეთს ორმხრივ ურთიერთობებში მაგალითად ასახელებს.
"ძველ დროს გვყოფდა რკინის ფარდა - დღეს გვაქვს უვიზო და უპასპორტო მიმოსვლა. ათასობით და ზოგჯერ ათიათასობით თურქეთის და საქართველოს მოქალაქე პასპორტების გარეშე გადადის თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ დამატებითი სასაზღვრო პუნქტი გაიხსნება მარადიდსა და მაჭახელას ხეობას შორის. ჩვენ ავაშენეთ დიდი სასაზღვრო პუნქტი სარფში და ვმუშაობთ იმაზე, რომ ასევე გაფართოვდეს სასაზღვრო პუნქტი თურქეთის მხარესაც, რათა მოქალაქეებს რიგებში დგომა არ დასჭირდეთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმაზეც, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება სრული დატვირთვით ამუშავდეს.
"ბათუმის აეროპორტში, რომელიც აქამდე სოფლის აეროპორტი ვით იყო, ამიერიდან დღეში ორჯერ შესრულდება რეისები სტამბულიდან და იქნება ყოველდღიური ფრენა ანკარადან. ასევე, საქართველო თურქეთის მეშვეობით უკავშირდება ევროპულ რკინიგზას, რადგან თურქეთი არის ჩვენი ფანჯარა ევროპაში და 2013 წელს დაიწყება მუდმივი სარკინიგზო მიმოსვლა ევროპასთან ახალი თანამედროვე რკინიგზით – ყარსი-ახალქალაქის მეშვეობით", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ რეგიონისთვის ეს დიდი გეოპოლიტიკური გარღვევა იქნება.
მიხეილ სააკაშვილი ს თქმით, არსებობს კიდევ ბევრი პოზიტიური დინამიკა, მათ შორის თურქული ბიზნესი ს მიერ ფულის ჩადება საქართველოში.
"არის მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში. ბევრი თურქული კომპანია აშენებს ჰესებს საქართველოში და ელექტროენერგია გადის ექსპორტზე თურქეთის მიმართულებით, ვაშენებთ ახალ ელექტროგადამცემ ხაზებს. თურქეთი, რომელიც არის დინამიური განვითარების ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი, მაშინ, როდესაც ევროპაში კრიზისია, ხოლო აზიაში რთული ეკონომიკური სიტუაცია, გამოირჩევა, როგორც კეთილდღეობის და სწრაფი ეკონომიკური განვითარების კუნძული", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ეს ყველაფერი კი, მიხეილ სააკაშვილი ს თქმით, თურქეთის ხელისუფლების მიერ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული რევოლუციური რეფორმების შედეგია, რომელსაც საქართველო დიდი ყურადღებით აკვირდება.
"რეგიონის ქვეყნების წარმატება დაკავშირებულია თურქეთის ეკონომიკურ წარმატებაზე. ჩვენ ასევე აღფრთოვანებით ვაკვირდებით რეფორმებს განათლების, ტექნოლოგიების სფეროში, რადგან თურქეთი გახდა ინოვაციური სახელმწიფო.
აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში, ვმუშაობთ იმაზე, რომ კულტურული ძეგლები ერთმანეთის ტერიტორიაზე იყოს დაცული და იმაზეც, რომ ქართული ძეგლები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზეა, იქნას აღდგენილი და სათანადო მდგომარეობაში მოყვანილი", - აღნიშნა პრეზიდენტმა და თურქეთის მთავრობას ამ საკითხში თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტის თქმით, 21-ე საუკუნეში თურქეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობები სამაგალითოა.
"თუკი არსებობს რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ორმხრივი კარგი თანამშრომლობის მისაბაძი მაგალითი დიდ და პატარა სახელმწიფოებს შორის, რომელიც დაფუძნებულია მეგობრობაზე, დაცლილია ყოველგვარი ჰეგემონიზმისგან, იმპერიალიზმისა და დიქტატისგან და რეალურად ემსახურება ორი ქვეყნის ხალხების ურთიერთობის გაღრმავებას, ეს თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებია. ერთი სიტყვით, ჩვენ გვაქვს უპრობლემო ურთიერთობები", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ეს უპირველეს ყოვლისა, პრემიერ-მინისტრ ერდოღანის დამსახურებაა.
Related Stories