ლიცენზირებულ უმაღლეს სასწავლებლებს უახლოეს მომავალში ავტორიზაციის გავლა
მოუწევს. შესაბამისი კანონპროექტი განხილვის პროცესშია.
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
შედეგად, ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა დიპლომი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემულ დიპლომს გაუტოლდება. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი ავტორიზაციას ვერ გაივლის, მათ შესაძლებლობა მიეცემათ, საზოგადოებრივ ინსტიტუტებად (Community College) ჩამოყალიბდნენ. ზოგად განათლებასთან ერთად, ასეთ ინსტიტუტებში სტუდენტები სხვადასხვა პროფესიასაც დაეუფლებიან. ინფორმაციისთვის: საქართველოში 70 აკრედიტირებული და 200–მდე ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებელია.
გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც გაზეთ „ვერსიას“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მისცა.
– „უმაღლესი განათლების“ შესახებ კანონში ცვლილება შედის. კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც ავტორიზაციას ვერ გაივლიან, საშუალება ექნებათ, „საზოგადოებრივ კოლეჯებად“ ჩამოყალიბდნენ. უფრო კონკრეტულად, რას ნიშნავს ეს ცვლილება?
– იმის გამო, რომ სახელმწიფო ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებლების დიპლომებს არ აღიარებს, მათ მუშაობაშიც არ ერევა. ასეთ უმაღლეს სასწავლებლებში დაახლოებით 18 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. შესაბამისად, მათი კურსდამთავრებულები სახელმწიფო სამსახურებში ვერ მუშაობენ, რაც სტუდენტთა უფლებებს ლახავს. იმისთვის, რომ კერძო უმაღლესი სასწავლებლები ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში დაბრუნდნენ და, ამასთან, სტუდენტთა უფლებები იყოს დაცული და სწავლის ხარისხი ამაღლდეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კანონპროექტის სახით, პარლამენტს ახალი სისტემა შესთავაზა, რაც გულისხმობს კერძო უმაღლესი სასწავლებლების მიერ ავტორიზაციის გავლას. სახელმწიფო აღიარებს იმ სასწავლებლების დიპლომს, რომლებიც ავტორიზაციას გაივლიან, რადგან იქ აბიტურიენტთა მიღება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება ისე, როგორც აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში. ამე ტაპზე კერძო ლიცენზირებულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა თავად ინსტიტუტის მიერაა დაწესებული და არ ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდებით. ავტორიზაციის შემდეგ, თუ სურვილი ექნებათ, ავტორიზებულ უმაღლესებს შეუძლიათ აკრედიტაციის გავლა. ანუ ვაუჩერის სახით სახელმწიფო დაფინანსებასაც მიიღებენ. კერძო ლიცენზირებულ ინსტიტუტებს, რომლებიც ავტორიზაციას ვერ გაივლიან, აღარ ექნებათ დიპლომების გაცემის უფლება და სტუდენტებს ვერც ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხს მიანიჭებენ, თუმცა სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ, ჩამოყალიბდნენ საზოგადოებრივ ინსტიტუტებად. ასეთი სასწავლებლები ევროპის ბევრ ქვეყანაში, ამერიკასა და კანადაში, წარმატებით ფუნქციონირებს. საზოგადოებრივ ინსტიტუტებში ბავშვები ორი წლის განმავლობაში ისწავლიან და ზოგად საგნებთან ერთად, კონკრეტულ სახელობო, მაგალითად, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სხვადასხვა სპეციალობას დაეუფლებიან.
– უმაღლეს კოლეჯში ადრე აბიტურიენტი ზოგადი უნარების გამოცდაზე მიღებული ქულებით ხვდებოდა. „საზოგადოებრივ ინსტიტუტში“ შესასვლელად რა არის საჭირო?
– საზოგადოებრივ ინსტიტუტში ისწავლიან ის ბავშვები, რომლებმაც ვერ ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, ატესტატის ასაღებად ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და ასევე სურთ, მცირე პერიოდში – ორი წლის განმავლობაში კონკრეტულ პროფესიებს დაეუფლონ. პირველ ორ კატეგორიას შესაძლებლობა ექნება, საზოგადოებრივ ინსტიტუტში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადოს. ბავშვი, რომელიც სკოლას ამთავრებს, თუ სურვილი აქვს, ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს და სწავლას უმაღლესში აგრძელებს. თუმცა აბიტურიენტებს, რომლებიც გამოცდას ვერ ჩააბარებენ, შეუძლიათ საზოგადოებრივ ინსტიტუტში ისწავლონ. ისინი არა მხოლოდ ზოგად საგნებს შეისწავლიან, გაივლიან იმ პროგრამასაც, რომელსაც უმაღლესი სასწავლებლის პირველ კურსზე სწავლობენ. ამავდროულად, შეისწავლიან სპეციალურ სახელობო პროგრამებსაც, რომელიც, პირობითად, შეიძლება იყოს IT მენეჯმენტი, პროდიუსინგი და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოებრივი ინსტიტუტი მხოლოდ არაავტორიზებული კერძო ინსტიტუტების ბაზაზე არ შეიქმნება. შესაძლებელია, სრულიად სხვა სასწავლებელმა ან პიროვნებამ გამოთქვას მისი გახსნის სურვილი. მთავარია, მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.
– საზოგადოებრივ ინტიტუტში სწავლა ფასიანი იქნება თუ უფასო?
– ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მალე დაინერგება და რა მიმართულებით განვითარდება ეს ნოვაცია.
– კერძო სასწავლებელმა შეიძლება ავტორიზაცია ვერ გაიაროს, მაგრამ საზოგადოებრივ ინსტიტუტად რომ ჩამოყალიბდეს, ალბათ ამისთვისაც გარკვეული კრიტერიუმები დასჭირდება.
– სასწავლებლის ხარისხის გასაკონტროლებლად შეიქმნება „განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი.“ ჩვენი მიზანია, ყველა სასწავლებელი მისთვის განკუთვნილ მოთხოვნას აკმაყოფილებდეს, რათა სწავლის დონე მაღალი იყოს.
– სწავლის გაგრძელება 9 კლასდამთავრრებულებსაც შეეძლებათ?
– 9 კლასდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ, მხოლოდ პროფესიულ სასწავლებლებში ისწავლონ. საზოგადოებრივ კოლეჯში სწავლას 12 კლასის განათლება სჭირდება.
– სავარაუდოდ, 200 ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, რამდენი შეძლებს ავტორიზაციის გავლას?
– ვნახოთ, პროცესი დაიწყება და გამოჩნდება. ჩვენი მიზანია, კერძო სასწავლებლები ჩრდილიდან გამოვიყვანოთ. თუ კერძო უმაღლესი სასწავლებელი ავტორიზაციას ვერ გაივლის, მას არ ექნება დიპლომის გაცემის უფლება. ამასთან, იმ ბავშვების უფლებებიცა და ინტერესებიც დაცული იქნება, ვინც ამ სასწავლებელში სწავლობს – მობილობის პრინციპით, ყველა სტუდენტი ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელში გადანაწილდება. ამაზე სახელმწიფო იზრუნებს.
Related Stories