
პირველად საქართველოში, სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის შექმნილი ნეტ-ბუკები 60 000 პირველკლასელს სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ნეტ-ბუკებში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამოსობაში მყოფი სასკოლო პროგრამებია ჩატვირთული: სახალისო მათემატიკა, ქართული, ბუნება, ხელოვნება, ბავშვებისთვის შექმნილი შემეცნებითი თამაშები და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომია ინტერნეტი.
წელს პირველად ბავშვის სკოლაში შეყვანა 5 წლის ასაკიდან გახდება შესაძლებელი. 60,000 პირველკლასელიდან 20,000 მათგანი 5 წლის ასაკის ბავშვია. ხელშეკრულების მიხედვით, ბავშვებს კომპიუტერი 3–4-წლიან მფლობელობაში გადაეცემათ.
გარდა პირველკლასელებისა, კომპიუტერებს მათი დამრიგებლებიც მიიღებენ. მასწავლებლებმა სპეციალური მომზადება გაიარეს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ კომპიუტერი სასწავლო პროცესში. აგრეთვე, გადამზადდა 50 ტრენერი, რომელიც თავის მხრივ გადაამზადებს 3500 მასწავლებელს. ტრენინგი 9 დღე გრძელდებოდა. დღეში 4 საათი მასწავლებლები კომპიუტერულ პროგრამებს სწავლობდნენ.
ელზა ონიანი ერთ–ერთი იყო იმ მასწავლებელთაგან, რომელმაც სპეციალური მომზადება გაიარა, ის 32 წელია რაც 152 საჯარო სკოლაში ასწავლის. წელს ონიანი უკვე მოსწავლეების მე 9 თაობას დახვდება. „პროგრამა ჩემთვისაც და ჩემი მოსწავლეებისთვისაც ახალია. 9 დღიანი სასწავლო კურსი ჩემთვის საკმარისი არ იყო, თუმცა მე სახლშიც ვაგრძელებ საკუთარ თავზე მუშაობას, რათა კარგად მომზადებული ვიყო,“ გვითხრა ელზა ონიანმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერიების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, კომპიუტერიზაციის სამყაროში მოზარდების სწორი განვითარებისა და მომავალში საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ბავშვს თავიდანვე ჰქონდეს ურთიერთობა თანამედროვე ტექნოლოგიებთან. მოსწავლეებს გარდა შეთავაზებული პროდუქციისა შესაძლებლობა ექნებათ თვითონაც ჩატვირთონ მასში პროგრამები, თამაშები და სახელმძღვანელოები. ნეტბუქებს აქვთ უკაბელო ინტერნეტის ფუნქცია და მოსწავლეებს სკოლაში უფასოდ შეეძლებათ ინტერნეტით სარგებლობა. ნეტბუკები ძალიან გამძლეა და ადვილად არ ზიანდება.
კომპიტერთან მუშაობის სწავლა ბავშვს ელექტრო მოწყობილობების მოხმარებას გაუადვილებს მომავალში. მაგრამ რამდენად რეკომენდირებულია ბავშვისათვის ასეთ ადრეულ ასაკში კომპიუტერული პროგრამების სწავლა?
პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრის დირექტორის ფსიქოლოგ ირინა ტაბუციძის თქმით, 5 წლის ბავშვი ადვილად ისწავლის კომპიუტერთან მუშაობას და კომპიტერულ პროგრამებს, რადგან მათი გონება ყოველთვის მზად არის ახალი ინფორმაციის მისაღებად. „ ჩემმა 4 წლის ვაჟმა იმაზე მეტი კომპიუტერული პროგრამა იცის, ვიდრე პირველკლასელმა უნდა იცოდეს,“ გვითხრა ირინა ტაბუციძემ.
„ ჩვენმა ცენტრმა შარშან კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, 5 წლის ბავშვები სკოლაში წასასვლელად მზად არიან. მათი განვითარების დონე ამის საშუალებას იძლევა. ამ ასაკში მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ, ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები შეისწავლონ,როგორიცაა კომუნიკაციის, მოსმენის, მითითებების გათვალისწინების უნარები. თუმცა ფსიქოლოგიაში 5 წლის ასაკის ბავშვი ითვლება თამაშის და არა სწავლის სუბიექტად. ბავშვს უნდა ჰქონდეს უცხოებთან ურთიერთობის გამოცდილება. უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად მუშაობა. 6 წლის ასაკში ბავშვს ეს უნარები უკვე განვითარებული აქვს, მაგრამ 5 წლის ასაკის ბავშვისათვის ეს უფრო რთულია,“ გვითხრა ტაბუციძემ.
ბუკი ქართულ კომპიუტერულ ქარხანაში აიწყო, რომელიც კომპანია ”ალგორითმის” მიერ საერთაშორისო კომპანია ”ინტელთან”(INTEL) პარტნიორობის შედეგად აშენდა. ქარხანაში პირველკალსელების კომპიუტერების აწყობა და პროგრამების ჩატვირთვა ხდება.
ქარხანას აქვს რესურსი, წელიწადში გამოუშვას დაახლოებით მილიონამდე კომპიუტერი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას საქართველოში დამზადებული კომპიუტერების რეალიზაცია მოხდეს უცხოეთში.
ქარხანას „მაიკროსოფთისგან“ მიენიჭა DOEM სტატუსი, რაც გულისხმობს რომ ქარხანას შეუძლია მაიკროსოფთისგან მარტივად საბითუმო ფასში შეიძინოს ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა.
ამჟამად ქარხანაში დასაქმებულია 100-მდე ადამიანი, რომელთა საშუალო ხელფასი 700 ლარია.
ბევრი ფიქრობს, რომ კომპიუტერით წიგნის ჩანაცვლება მოხდება და მოსწავლეები წიგნებს აღარ შეიძენენ, მაგრამ როგორც საგამომცემლო სახლები აცხადებენ სასკოლო წიგნების გაყიდვების რაოდენობა წელს არ შემცირებულა.
„ნეტბუკი დამხმარე საშუალებაა და მოსწავლეები მას სკოლის სახელმძღვანელოებთან ერთად გამოიყენებენ. შესაბამისად, თუ წიგნებზე მოთხოვნა დაეცა, ამის მიზეზი კომპიუტერი არ იქნება,“ გვითხრა წიგნების ერთ–ერთი საგამომცემლო სახლის წარმომადგენელმა. „ ბუკი იმისთვის შეიქმნა, რომ მოსწავლეებმა კომპიუტერში ჩატვირთული სახალისო პროგრამებით შეისწავლონ სიახლეები. წიგნის როლი არ შემცირებულა. ბუკი განამტკიცებს იმ ცოდნას, რასაც მოსწავლე სახელმძღვანელოდან იღებს.
Related Stories