ფეისბუკის აქციების ფასი დაეცა


Tuesday, May 22, 2012
News Making Money

პოლიტიკური რყევა საქართველოში: ოლიგარქის გამოჩენა

ავტორი თომას დე ვაალი, The National Interest

29/10/2011 13:55 (206 დღე 09:05 minutes ago)

ბოლო დროს ქართული პოლიტიკა მდარე და პროგნოზირებადი იყო.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მოცემულობა იყო ის, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა წარმატებით გაუძლო 2008 წლის ომის შტორმს, განამტკიცა მისი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ ძალაუფლება ხელისუფლებაში და ოპოზიციის მარგინალიზაცია მოახდინა. რაც იმას ნიშნავდა, რომ მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში 2012-13 წლებში, ორი მთავარი პასუხგაუცემელი კითხვა რჩებოდა: პირველი, რამხელა უმრავლესობას მოიპოვებდა „ნაციონალურ მოძრაობა“; და მეორე, შეეცდებოდა თუ არა სააკაშვილი იმ კონსტიტუციის გამოყენებას, რომელიც მან საგანგებოდ შეცვალა, რათა პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო მას შემდეგ, რაც მისი მიმდინარე საპრეზიდენტო ვადა ამოიწურებოდა.

ამ დროს გამოჩნდა ოლიგარქი. ბიძინა (ცნობილი ასევე როგორც ბორისი) ივანიშვილს სულ რაღაც ორი კვირა დასჭირდა იმისთვის, რომ მთელი ქართული პოლიტიკური სცენა თავდაყირა დაეყენებინა.

ოქტომბრამდე, ივანიშვილი ჩუმი მილიარდერი იყო. ჟურნალ Forbes-ის თანახმად, ის მსოფლიო ს უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში რიგით 185-ეა და მისი ქონება 5,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მართალია, ის რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის „როსიისკი კრედიტის“ მფლობელია, თუმცა ყოველთვის მოკრძალებულად იქცეოდა, რითაც რადიკალურად განსხვავდებოდა იმ ორი სხვა ქართველი ოლიგარქის – კახა ბენდუქიძისა და ბადრი პატარკაციშვილისგან – რომლებმაც ფული რუსეთში იშოვეს. ცხრა წლის წინ ის საქართველოში დაბრუნდა და თავის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში დასახლდა. მან დაიწყო მილიონების ხარჯვა გზებზე, სკოლებზე, ეკლესიებსა და თეატრებზე. იაპონელმა არქიტექტორმა შინ ტაკამაცუმ მისთვის ფუტურისტული სახლი და ბიზნესცენტრი (180, 000 კვადრატული ფუტი) ააშენა, სადაც ვერტმფრენის მოედანიც შედის. შენობა ჰორიზონტზეა წამოჭიმული და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს თბილისში ლოს-ანჯელესიდან გადმოიტანეს.

ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშთა კოლექციონერიცაა. მისი სასახლე სავსეა თანამედროვე ქანდაკებებით. 2007 წელს, მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნიუ-ორკის სოტბის აუქციონზე სენსაცია მოახდინა, როდესაც პიკასოს ნამუშევარში 95 მილიონ დოლარს იხდიდა. ის ისე დრამატულად იქნევდა მის დაფას, თითქოს ანტიკური ავეჯის ყიდვაზე ვაჭრობდა.

ბევრი ქართველი ფეოდალით აღფრთოვანებულია და სწორედ ასეთ ადამიანად იქცა ის თავის მშობლიურ რეგიონში ცენტრალურ საქართველოში. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2008 და 2009 წლის გამოკითხვებში, ის ქვეყნის ყველაზე პოპულარული ფიგურების სამეულში შედიოდა.

მისი დემარში 7 ოქტომბერს განხორციელდა: განცხადება პოლიტიკა ში მოსვლაზე, იმის შესახებ რომ სააკაშვილი ს დრო ამოიწურა და რომ პარტიას აყალიბებს, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვებს.

ეს ბომბის აფეთქებას გავდა. თავდაპირველად ზოგიერთებმა იფიქრეს, რომ ეს ოპოზიციის დაქსაქსვისკენ მიმართული მთავრობის ნაბიჯი იყო. მაგრამ ეს თეორია სწრაფად გაქარწყლდა, რადგან მთავრობის მხარდამჭერები აშკარად შოკირებულნი ჩანდნენ. სახელისუფლებო პარტიის ზოგიერთმა პარლამენტარმა, რომლებსაც ერთგვარად მაკარტისტული ტენდენციები ახასიათებთ, ივანიშვილს ვლადიმერ პუტინი ს მარიონეტობა დააბრალა. რაც ასევე არადამაჯერებელი გახლდათ. ისინი ძალიან ხშირად იყენებდნენ რუსულ კარტს იმისთვის, რომ დღეს ამით ვინმე შეაშინონ. ივანიშვილი ცხრა წელია რაც რუსეთში არ ყოფილა, ახლახანს კი საფრანგეთის მოქალაქეობაც მიიღო, მისი შვილი ბერა კი რეპერია და ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. მას საკმარისი ფული აქვს იმისთვის, რომ არავის ჭკუაზე არ იაროს, ხოლო ის, რომ მან პარტნიორებად პროდასავლური პოლიტიკური პარტიები აირჩია, მოსკოვთან მის გარიგებაზე არ მიუთითებს. ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა ჩემი აზრით, ელექტორატის დიდი ნაწილი ამას გაიზიარებს. ქართველებს შესაძლოა არ სურთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პუტინი სთვის გადაცემა, მაგრამ მათ უნდათ რუსეთში ვაჭრობა და ამ ქვეყანაში თავისუფლად მოგზაურობა .

თუმცა, ქართულ პოლიტიკა ში შემოსულმა მაგნატმა ამ გზაზე მაინც წაიბორძიკა. მან თქვა, რომ საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეობაზე უარს იტყვის, თუმცა მანამდე საქართველოს საჯარო რეესტრმა განაცხადა, რომ ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა, რადგან ის არ აღმოჩნდა იმ ადამიანთა კატეგორიაში, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობის უფლება აქვთ, რაც მას პოლიტიკური თანამდებობისთვის ბრძოლის შესაძლებლობას ართმევს. ქართული კანონები მოქალაქეობის შესახებ, მართლაც არათანმიმდევრულია. ივანიშვილმა ბოლოს ქართული პასპორტი ამ წლის ივნისში მიიღო, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დანიშვნიდან ერთი წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეობას ინარჩუნებდა. ეს აშკარად ის იურიდიული ინსტრუმენტი იყო, რომელიც სულ უფრო პოპულარული ოლიგარქის მოსათვინიერებლად გამოიყენეს და ახლა ის ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს. შესაძლოა, მისმა მხარდამჭერებმა ეს გადაწყვეტილება ქუჩაშიც გააპროტესტონ.

მთავრობის მკვეთრი ქმედებები ივანიშვილს დამატებითი ქულების მოპოვებაში მხოლოდ დაეხმარა. იმის ნაცვლად რომ პოლიტიკურ სცენაზე ახალი კონკურენტის გამოჩენას მისალმებოდა, ხელისუფლებამ სხვადასხვა სახელმწიფო არხის ეთერში მასზე თავდასხმა დაიწყო და ის სამი მილიონი დოლარი დააკავა, რომელიც „ფულის გათეთრების“ ბრალდებით ივანიშვილის ერთ-ერთი ბანკიდან ამოიღეს.

საქართველოს მესიანიზმის პრობლემა აქვს. ბოლო პერიოდის სამივე პრეზიდენტი ამომრჩევლებმა ხმის უმრავლესობით, თითქმის 90%-იანი მხარდაჭერით აირჩიეს. ისინი ბევრ დაპირებებს გასცემდნენ, მაგრამ მოგვიანებით ელექტორატს იმედებს უცრუებდნენ. 2003 წელს საკუთარი კამპანიის მზადების დროს სააკაშვილმა ამას ჰიპერბოლიზებულად „სიკეთესა და ბოროტებას შორის უკანასკნელი შერკინება“ უწოდა. ამიტომ, ცოტა არ იყოს შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დღემდე ერთადერთ, სააგენტო Reuters-თვის მიცემულ ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა ასევე, რომ „მე აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში“ (ფრაზა, რომელსაც მარტივად სააკაშვილსაც მიაწერ) და რომ „მე იმედი მაქვს, რომ გავაოცებ ევროპას დემოკრატიის იმ ხარისხით, რომლსაც საქართველოში შევქმნი“. საქართველოს მორიგი მხსნელი არ სჭირდება.

მეორე მხრივ, ივანიშვილს აშკარად აქვს დახვეწილი პოლიტიკური ინსტიქტები. მან ყველას გასაგონად, ხმამაღლა განაცხადა ის, რაზეც თბილისში ჩურჩულით ყველა საუბრობს: რომ ზოგიერთი ეგრედწოდებული ოპოზიციური პარტია, მაგალითად ქრისტიან დემოკრატიული პარტია, „ფსევდოოპოზიციურია“. მან თავის მთავარ თანამებრძოლებად ის წამყვანი ოპოზიციური პარტიები გამოაცხადა, რომლებიც საქართველოში საუკეთესო კრიტიკული აზროვნებით გამოირჩევიან – რესპუბლიკური პარტია და ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“.

ჯერ-ჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რას ნიშნავს ივანიშვილის დემარში. ამ მომენტისთვის მისი გამოჩენა პოლიტიკურ სცენაზე ჯანსაღი შოკია ქართული პოლიტიკური სისტემისთვის, რომელმაც მმართველი პარტიის ხიბლში მიიძინა. ამას ქალაქებში აპათია მოჰყვა, თუმცა რეგიონებში ხალხმა მმართველ პარტიას შიშის გამო ან ინერციით ხმა შეიძლება მაინც მისცეს. ახლა, როდესაც პოლიტიკური სივრცე გაიხსნა, საქართველოში შეიძლება ნამდვილი კონკურენციის მოწმენი გავხდეთ.

 

სტატია ნათარგმნია ღია საზოგადოება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის  http://foreignpress.ge მიერ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group