| სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა დაიწყო (ACETT) |
|
12/08/2010 16:00 (545 დღე 02:26 minutes ago) | ||||||||||||
|
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ოფიციალურად გაიხსნა ორდღიანი სამუშაო კონფერენცია, სადაც გამოცხადდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დაწყება საქართველოში.
კონფერენციის გახსნისას მონაწილეებს მიესალმნენ USAID-ის მისიის ხელმძღვანელი მოადგიელე ბ-ნი იოკიმ პარკერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა მინისტრის მოადგილე ქ-ნი ირინე ქურდაძე და PH International–ის აღმასრულებელი დირექტორი ქ-ნი ენ მარტინი.
პროგრამა არა მხოლოდ აამაღლებს მოსწავლეთა ცოდნასა და განწყობას დემოკრატიის პრინციპების მიმართ, არამედ გაავრცელებს ამ პრინციპებს სკოლების მმართველობაში, პედაგოგებში, თავად მოსწავლეებში და ფართო საზოგადოებაში.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში და დაფარავს საქართველოს სკოლების 20%–ს. PH International ქართველი ექსპერტების ჯგუფთან ერთად შეაფასებს სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამასა და სახელმძღვანელოებს მე-9 – მე-12 კლასის მოსწავლეთათვის და გამოავლენს სამოქალაქო განათლების იმ პრიორიტეტულ სფეროებს, სადაც საჭიროა დამატებითი სასწავლო მასალების შექმნა.
პროგრამის მთავარი ამოცანაა, რომ მოსწავლეებმა შეძლონ ნასწავლის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება, როგორც მოქალაქეები, ჩაერთონ სამოქალაქო ცხოვრებაში და საკუთარი საქციელით მაგალითი აჩვენონ გარშემომყოფებს.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა შექმნის სამოქალაქო განათლების ვებგვერდს: www.civics.ge. ვებგვერდი იქნება სამოქალაქო განათლების სფეროში არსებული ერთადერთი ელექტრონული რესურსი, სადაც განთავსდება ინფორმაცია არა მარტო მიმდინარე ინიციატივებთან დაკავშირებით, არამედ ასევე სამოქალაქო განათლების სფეროში უკვე განხორციელებული პროექტების შესახებ.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


