მიგრანტების ხმა სულ უფრო ხმამაღლა უნდა ჟღერდეს დღევანდელობის ხშირად
მიკერძოებულ, პოლარიზებულ და ნეგატიური ნიშნით აღნიშნულ დებატებში
მიგრაციასთან დაკავშირებით, ნათქვამია IOM-ის მსოფლიო მიგრაციის 2011 წლის
ანგარიშში: ეფექტური კომუნიკაცია მიგრაციის შესახებ.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიო ისტორიაში ადამიანთა მობილურობის უპრეცედენტო მასშტაბების პერიოდში და სულ უფრო მზარდად ვაღიარებთ მიგრაციას, როგორც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ ძირითად მახასიათებელს, ამ ფენომენზე სწორი წარმოდგენის ჩამოყალიბება კვლავაც რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად.
ამდენად დღის წესრიგში დგება ფუნდამენტური ცვლილების საჭიროება მიგრაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და კომუნიკაციის კუთხით, განსაკუთრებით ეკონომიკური რეცესიის პირობებში, როდესაც მიგრაციის ბუნების, მიზნისა და სოციალურ-ეკონომიკური ზეგავლენის შესახებ პოლიტიკური დისკურსი, მედია რეპორტაჟები და საზოგადოებრივი აზრი უმეტესად ნეგატიური ნიშნით ხასიათდება.
`აშკარაა, რომ ტემინი `მიგრაცია” ხშირად გამოიყენება მიგრანტთა მიმღებ ქვეყნებში არსებული საზოგადოებრივი შიშისა და გაურკვევლობის გამოსახატავად დასაქმების, საცხოვრებელი და სოციალური პირობების საკითხებთან დაკავშირებით. ასევე მიგრაციას ბრალდება ადამიანური კაპიტალის დანაკარგი და ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა მიგრანტთა გამგზავნ ქვეყნებში”, აცხადებს IOM-ის გენერალური დირექტორი უილიამ ლეისი სვინგი.
ანგარიშში ნათქვამია, რომ არაადექვატური და დამახინჯებული კომუნიკაცია მიგრაციის საკითხების ირგვლივ ხელს უწყობს ანტიმიგრაციული განწყობის ფართოდ გავრცელებას, რაც ბოლო პერიოდში მსოფლიო ს ბევრ ქვეყანაში გამოაშკარავდა. გახშირდა საზიანო სტერეოტიპების, დისკრიმინაციისა და ქსენოფობიის გამოვლინებები მიგრანტთა მიმღებ ქვეყნებში, რაც მულტიკულტურალიზმის ღირებულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
თუმცა, ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიში არ მოუწოდებს მიგრაციის საკითხებისადმი ცალსახად მიმღებლური და არაკრიტიკული დამოკიდებულების
გამომუშავებისკენ, არამედ ღია დისკუსიისკენ და უშუალოდ იმ საკითხების განხილვისკენ, რაც განაპირობებს არსებულ უნდობლობასა და ნეგატიურ განწყობას მიგრაციის საკითხის მიმართ, რისი საბოლოო მიზანი საზოგადოებებში არსებული არაკეთილგანწყობის შემცირება უნდა გახდეს.
`მიგრაციის შესახებ ფართო საზოგადოების სწორი ინფორმირების პოლიტიკა შესაძლოა იყოს ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ყველა იმ საზოგადოებისთვის, რომელიც მზარდი მრავალფეროვნების რეალობის წინაშე დგას”, დასძენს სვინგი.
მიგრანტებისა და მიგრაციის შესახებ საზოგადოებრივი შეხედულებების ანალიზის შედეგად, მსოფლიო მიგრაციის ანგარიში ცხადყოფს, რომ მიგრანტთა დანიშნულების ქვეყნების მოსახლეობა ხშირად მნიშვნელოვნად აზვიადებს მიგრანტი მოსახლეობის რაოდენობას, ზოგჯერ 300%-თაც კი. მაგალითად, 2010 წლის გამოკითხვამ იტალიაში აჩვენა, რომ მოსახლეობის აზრით, მიგრანტთა რაოდენობა ქვეყანაში 25%-ს შეადგენდა, მაშინ, როდესაც რეალურად ეს ციფრი დაახლოებით 7% იყო.
ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2010 წელს ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის აზრით, მიგრანტთა რაოდენობა მოსახლეობის 39%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვანწილად აღემატებოდა რეალურ მაჩვენებელს ანუ 14%-ს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიგრაციისადმი საზოგადოების დამოკიდებულებაზე კვლავაც ძლიერ ზეგავლენას ახდენს რესპონდენტების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, ასაკი და განათლების დონე და მიგრანტებთან მათი ურთიერთკავშირის ინტენსივობა.
გერმანიაში 2009 წლის გამოკითხვის შედეგებით, ახალგაზრდების 65%-ს გაცილებით უფრო პოზიტიური დამოკიდებულება აქვს მიგრაციის მიმართ, რაც აიხსნება მიგრანტებთან მათი რეგულარული ურთიერთკავშირით.
საზოგადოების დამოკიდებულებასა და გამოკითხვის შედეგებზე ხშირად ასევე გავლენას ახდენს ზოგჯერ არაადექვატური წარმოდგენა არსებული სამუშაო ადგილების შესახებ და გავრცელებული აზრი, რომ მიგრანტები ადგილობრივ მოსახლეობას ართმევენ სამუშაო ადგილებს და/ან ქვეყნის რესურსებს უქმნიან პრობლემებს.
თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაზე დაყრდნობა ზოგჯერ შეიძლება არ იყოს სანდო, ვინაიდან ეს უკანასკნელი შეიძლება ეფუძნებოდეს მცდარ წარმოდგენებს იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს რეალურად მიგრანტი. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კვლევები და მედია ანგარიშები იშვიათად აქცევენ ყურადღებას და გამოხატავენ დამსაქმებლების პოზიციას, რომლებიც მიგრაციის დღევანდელ გლობალურ სურათში წამყვან როლს ასრულებენ.
მსოფლიო მიგრაციის ანგარიშში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ჩვენი საზოგადოებების შემადგენლობის ცვლასთან და კულტურულ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულარულად უნდა აისახოს მედია საშუალებებით და გაშუქების თემატური მრავალფეროვნებით. ასევე, მიგრანტებმა უფრო მეტი ინტენსივობით უნდა გამოიყენონ სოციალური მედიის საშუალებები, რათა აქტიურად ჩაერთონ მიმღები და წარმოშობის ქვეყნების საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
`მიგრაციის საკითხების კონსტრუქციული გაშუქებისკენ მიმართული პროფესიონალური და დაბალანსებული ჟურნალისტიკის პარალელურად მიგრანტებმა საკუთარი ხმა უნდა მიაწვდინონ ფართო საზოგადოებას. ამით შეიცვლება მათ შესახებ დამკვიდრებული წარმოდგენა, როგორც პასიური, უმწეო და მარგინალიზებული ადამიანებისა და საზოგადოება მიგრანტებს მათ რეალურ და ახალ ჭრილში - საკუთარი ბედის შემქმნელ ადამიანებად დაინახავს”, დასძენს გენერალური დირექტორი სვინგი.
ანგარიშში ხაზგასმულია მიგრაციის შესახებ ეფექტური კომუნიკაციის დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან მიგრაციის მართვა ასევე გულისხმობს იმას, თუ როგორ აღიქმებიან მიგრანტები საზოგადოებაში.
ინიციატივები, როგორიცაა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი `ფოკუსის წერტილი - მიგრანტები”, რომელმაც თავი მოუყარა ახალგაზრდა მედია პროფესიონალებს და მიგრანტებს ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, რუმინეთიდან და სლოვაკეთიდან, მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მიგრაციის საკითხების კონსტრუქციული მედია გაშუქების ხელშეწყობის მიზნით.
`ჩვენს მზარდად ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში მიგრაციის შესახებ ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რათა ფართო საზოგადოებაში დამკვიდრდეს გზავნილი იმის შესახებ, რომ მიგრაცია ერთდროულად რეალობაცაა და აუცილებლობაც, ხოლო ჰუმანური და გონივრული მიდგომის შემთხვევაში, სასურველიც კი”, აცხადებს სვინგი.
ანგარიშში ასევე მიმოხილულია მიგრაციის ტენდენციები და მიგრაციის პოლიტიკის ძირითადი საკითხები 2010-2011 წლებში. IOM-ის დაარსებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით, ანგარიშის ცალკე თავი დაეთმო ორგანიზაციის მუშაობის ისტორიულ მიმოხილვას, სადაც აღწერილია ორგანიზაციის პოლიტიკა და სამოქმედო ოპერაციები. ანგარიშს ასრულებს IOM-ის პროგრამების მიმოხილვის ათწლიანი სტატისტიკური სურათი.
Related Stories