|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ხელისუფლება გეგმავს, საქართველო ზამთრის ტურისტულ ცენტრად აქციოს. რადიო კომერსანტის ცნობით, ამის შესახებ მთავრობის 10-პუნქტიან გეგმაშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად 4 წელიწადში საქართველოში ტურისტების რაოდენობამ 5 მილიონს უნდა მიაღწიოს.
ტურიზმის ექსპერტის მარინა მეტრეველის თქმით, საქართველოს ზამთრის კურორტად გადაქცევის შესახებ განცხადების გაკეთებისას, მთავრობამ კონკრეტული სტრატეგია და გეგმა უნდა წარმოადგინოს. მისი განცხადებით, სანამ არ იქნება ჩამოყალიბებული თუ როგორ აპირებენ საქართველოს ზამთრის კურორტად გადაქცევას, სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელი იქნება. “წარმოდგენილი უნდა იყოს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგები. საქართველოს ბევრ რეგიონში ძალიან მყიფე მთაა და საინტერესოა რა შედეგებს გამოიწვევს ამდენი ტურისტის ჩამოსვლა. გარდა ამისა, უნდა გაირკვეს, როგორ უნდა მოვიქცეთ კრიზისული სიტუაციების დროსაც“ – ამბობს მარინა მეტრეველი.
ტურიზმის კიდევ ერთი ექსპერტის ვაჟა შუბლაძის თქმით, მთავრობის გეგმის განხორციელება შეუძლებელი არ არის. „საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ნამდვილად შემოდიოდა 5 მილიონი ტურისტი და ამაზე მეტიც. ჩვენ ქვეყანაში 100–მდე კურორტი გვაქვს და მათი განვითარების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი ტურისტიც შემოვა“ – ამბობს ვაჟა შუბლაძე. მისი თქმით, საქართველოს საკურორტო ზონები გასაკეთებელია, გამოსაცვლელია ინფრასტრუქტურა და ტურისტების მისაღები ადგილები.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ბექა ჯაყელის თქმით, 2011 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში სულ 2 მილიონ 68 ათასი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 43%–იანი ზრდაა. „საქართველოს ზამთრის ტურისტულ ცენტრად გადაქცევა უკვე მიმდინარეობს, ამის მაგალითია თუნდაც მესტიაში ახალი სათხილამურო ტრასების დაგეგმარება, აჭარაში გოდერძის უღელტეხილის საკურორტო ზონად გადაქცევა, ბახმაროს საბაზო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და სხვა,“ – ამბობს ბექა ჯაყელი. მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს ბალნეოლოგიური კურორტების მოწესრიგებაც. ჯაყელის თქმით, 10 მილიონი ლარი უკვე ჩაიდო საირმეში, სადაც ჩატარდა ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები და გამოიცვალა განთავსების ადგილები. სასტუმროების მშენებლობა მიმდინარეობს წყალტუბოშიც. ჯაყელის თქმით, ბალნეოლოგიური საკურორტო ზონების რეაბილიტაცია მომავალშიც გაგრძელდება.
Related Stories