
რეკონსტრუქციის შემდეგ თბილისის “ შერატონი ” ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებას აპირებს.
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ამის შესახებ commersant.ge–ს სასტუმროს რეალიზაციისა და ადმინისტრაციის მენეჯერმა, ნინო ისაკაძემ განუცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში დარბაზების გაქირავებაზე მოთხოვნა განსაკუთრებულად გაიზარდა და 100%–იან დატვირთვასაც კი მიაღწია.
“ შერატონი ს” კონკურენტის, “რედისონ ბლუ ივერიას” მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორის, ნინა ასათიანის თქმით კი, ბაზარზე მათი შემოსვლის შემდეგ ბევრმა სასტუმრომ და მათ, შორის “შერატონმაც” მომხმარებლის გარკვეული რაოდენობა დაკარგა. “ჩვენ ბაზრის საკმაოდ დიდი წილი ჩვენს თავზე ავიღეთ. “რედისონი” საკონფერენციო დარბაზების იმდენად მრავალფეროვან და დიდ არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს, რომ კომპანიების უმეტესობას ჩვენთან ურჩევნია პრეზენტაციის მოწყობა,” – განაცხადა ნინა ასათიანმა.
მისი თქმით, “რედისონის” უპირატესობა ტერიტორიული მდებარეობაცაა, რადგან არიან კომპანიები, რომლებიც ამ საკითხს დიდ ყურადღებას აქცევენ. ასათიანის ინფორმაციითვე, რეკონსტრუქციის შემდეგ, “ შერატონი ს” კონკურენტუნარიანობა აუცილებლად გაიზრდება, თუმცა ამით “რედისონი” მომხმარებელს არ დაკარგავს. “მათ თავისი მომხმარებელიც ჰყავთ. მაგალითად, აქვთ უფრო დიდი ზომის საკონფერენციო დარბაზი. კომპანიები, რომელთაც დიდი ღონისძიებების მოწყობა სურთ, უპირატესობას “შერატონს” მიანიჭებენ” – განაცხადა ასათიანმა.
“ შერატონი ს” რეალიზაციისა და ადმინისტრაციის მენეჯერის თქმით, რეკონსტრუქციის ფარგლებში მთლიანად იცვლება როგორც ინტერიერი, ისე ექსტერიერიც. სასტუმროს დაემატება ახალი ტექნიკური აღჭურვილობა და ე.წ. “ შერატონი ს ლინკი”, სადაც დიდ ტერიტორიაზე იქნება უამრავი კომპიუტერი.
ისაკაძის თქმით, რეკონსტრუქციის მიუხედავად, სასტუმრო მხოლოდ ნაწილობრივ, იმ სართულის მიხედვით იხურება, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. “ შერატონი ს” სრული რეკონსტრუქცია დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება და ის 16 მილიონი დოლარი დაჯდება.
Related Stories