
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2011 წელს
საქართველოში 2, 820, 185 უცხოელი მოგზაური ჩამოვიდა, რაც 39%-ით მეტია
2010 წლის მონაცემებზე, ანუ ნაკადი 788, 468 უცხოელი მოგზაურით გაიზარდა.
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ყველაზე დიდი რაოდენობით თურქი ტურისტები სტუმრობდნენ და მათმა რაოდენობამ 2011 წელს 738,136 კაცი შეადგინა, რაც 38 %-ით მეტია გასული წლის მონაცემებთან შედარებით, 2010 წელს საქართველოს თურქეთიდან 535, 593 ადამიანი ესტუმრა. საერთაშორისო ჩამოსვლების მიხედვით მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, საიდანაც 2010 წელს საქართველოში 497, 969 ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2011 წელს 714,427, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 43%-ით აღემატება.
„სომხეთიდან საქართველოს 699,391 ადამიანი ესტუმრა, ეს კი 2010 წლის ამავე მაჩვენებელთან შედარებით 28 პროცენტით მეტია. 2011 წელს ქვეყანაში ჩამოსული უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით მეოთხე ადგილზეა რუსეთი. 2011 წელს საქართველოს რუსეთიდან 278, 501 ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის მაჩვენებელს 63 %–ით აღემატება,“ – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში.
„2011 წელს ირანიდან საქართველოს 60,193 ტურისტი ეწვია, ხოლო 2010 წელს 21,313. ქვეყანაში ირანელ ტურისტთა რაოდენობა 182%– ით გაიზარდა. 2011 წელს საქართველოში 58,966 უკრაინელი ტურისტი შემოვიდა, მაშინ როცა 2010 წელს მათი რაოდენობა 47,596 იყო. გასულ წელს უკრაინელი ტურისტების რაოდენობა 14%– ით გაიზარდა. 2011 წელს ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 31 %– ით გაიზარდა და 25,438 შეადგინა.“
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2011 წელს საქართველოს 24,224 ტურისტი ეწვია ამერიკიდან, მაშინ როცა 2010 წელს მათმა რაოდენობამ 20,081 შეადგინა. 2011 წელს საქართველოში ჩამოსული ამერიკელი ტურისტების რაოდენობა 21%– ით გაზარდა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში 2011 წელს 12,613 ტურისტი შემოვიდა დიდი ბრიტანეთიდან, 12,082 - პოლონეთიდან, 10,695 - საფრანგეთიდან, 10,309 - ბულგარეთიდან, 6,883 - ჰოლანდიიდან, 6,873 - იტალიიდან, 6,522 - ჩინეთიდან, 6,114 - ფილიპინებიდან და 5,344 - ბელარუსიიდან.
როგორც ტურიზმის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, სტაბილურად იმატებს უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა მეზობელი ქვეყნებიდან.
2011 წელს რეკორდულად მოიმატა მოგზაურების რაოდენობამ ისეთი პრიორიტეტული ბაზრიდან როგორიც არის: ირანი +182%-იანი მატება, ჩინეთი +139%-იანი მატება, ყაზახეთი +121%-იანი მატება, პოლონეთი +70%-იანი მატება.
ქვეყნის ნაწილების მიხედვით, ყველაზე მეტი უცხოელი მოგზაური საქართველოში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან ( დსთ ) ჩამოვიდა (63%). მას მოყვებოდა ევროპისა (32%) და სამხრეთ აზიის რეგიონი (2%). რეკორდული მატება აღინიშნება სამხრეთ აზიის რეგიონიდან +138%, რაც ირანელი ვიზიტორების რაოდენობით არის განპირობებული.
2011 წელს საქართველოს დსთ – ს ქვეყნებიდან სულ 1,787,728 ტურისტი ესტუმრა, ევროპის ქვეყნებიდან – 906,632, სამხრეთ აზიიდან – 66,076 ტურისტი და ამერიკიდან – 28,856 უცხოელი მოგზაური. ყველაზე მეტი უცხოელი მოგზაური საქართველოში აგვისტოში ჩამოვიდა - 355 924, თუმცა პროცენტული მატებით გამორჩეული თვე ივნისი იყო + 49%-ით.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვარტალებს შორის ყველაზე მეტი უცხოელი მოგზაური III კვარტალში ჩამოვიდა 960, 307 და 41%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„ტრანსპორტის სახეების მიხედვით ყველაზე მეტი უცხოელი მოგზაური - 2, 380,760 საქართველოში საგზაო ტრანსპორტის გამოყენებით შემოვიდა, რაც 42%-ით მეტია 2010 წლის მონაცემებზე, ანუ ნაკადი 703, 356 უცხოელი მოგზაურით გაიზარდა,“– აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში.
აჭარა 2011 წელს 1, 319, 513 ტურისტმა მოინახულა, რაც წინა წელთან შედარებით 35%-ით მეტია.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, აჭარაში ჩასული უცხოელი მოგზაურებიდან, 64 %-ს ქართველი და 36%-ს უცხოელი ტურისტები შეადგენდნენ. თვეების მიხედვით აჭარაში ყველაზე მეტი ვიზიტორი ივლისში ჩავიდა და +49%-იანი მატება დაფიქსირდა, თუმცა პროცენტული მატებით გამორჩეული თებერვლის მაჩვენებელი იყო, წინა წლის მაჩვენებელზე +144%-ით მეტი ვიზიტორით.
Related Stories