სს "ბანკი ქართუს" განცხადებით, "კლიენტურის ბანკში გირაოდ
ჩადებული და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაყადაღებული უძრავ-მოძრავი
ქონების საჯარო აუქციონზე ვაჭრობის იმიტაციის პროცესი გრძელდება".
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ბანკის განცხადებით, 2012 წლის 4 იანვარს აუქციონებზე გატანილ იქნა დამატებით 6 ობიექტი ჯამში 12,3 მილიონი ლარის ღირებულებით, რომლის საწყისი სააუქციონო ფასი ამ ღირებულების 50 პროცენტს შეადგენდა.
"შედეგად ბოლო ერთი თვის მანძილზე აღნიშნულ საჯარო აუქციონებზე გატანილია ჩვენს ბანკში გირაოდ ჩადებული 46 ობიექტი ჯამში 127 მილიონი ლარის ღირებულებით, რომლის საწყისი სააუქციონო ფასი ამ ღირებულების 50 პროცენტს შეადგენდა. ამასთან, გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე ფაქტზე: როგორც მოსალოდნელი იყო, საჯარო აუქციონებზე გატანილი არც ერთი ქონება პრაქტიკულად არ გაყიდულა, მათი უდიდესი ნაწილი ეკონომიკის სამინისტრომ დაისაკუთრა, ასევე ეკონომიკის სამინისტროს მიერ ხორციელდება დანარჩენი ქონების ნატურით დასაკუთრების პროცესი – ჩვენი ვარაუდით, ახლო მომავალში გარკვეული სქემით თავდაპირველი მფლობელებისთვის დაბრუნების მიზნით; საჯარო აუქციონებზე გატანილი 2 ობიექტის შემთხვევაში ჩვენმა ბანკმა ქონების შეძენის სურვილი გამოხატა და გამართულ ვაჭრობაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა უშედეგოდ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აუქციონებში გამარჯვებულმა პირმა (ჩვენი ვარაუდით, სახელმწიფოს წარმომადგენელმა) ქონების გაცხადებული ღირებულება არ გადაიხადა, განმეორებითი აუქციონის ჩატარება არ ჩაითვალა მიზანშეწონილად და ეს ობიექტებიც სახელმწიფომ ნატურით დაისაკუთრა ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე; გაუგებარია საგადასახადო ორგანოების მოქმედების ლოგიკა, როდესაც გადასახადის გადამხდელს აღმოაჩნდება საგადასახადო ვალდებულება, თანხების ამოღების უპირველეს ინსტრუმენტს ყოველთვის ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე საგადასახადო ინკასოს წარდგენა წარმოადგენდა ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე არსებული და ჩასარიცხი თანხების ოპერატიულად ამოღების მიზნით. ასეთი ქმედება მხოლოდ ერთი მსესხებელი ბიზნეს-ჯგუფის შემთხვევაში განხორციელდა და ისიც - აუქციონების ჩატარებისა და ქონების ეკონომიკის სამინისტროს მიერ დასაკუთრების შემდეგ. ჩვენი ინფორმაციით, საგადასახადო ინკასო წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების სრულ თანხაზეა წარმოდგენილი. ცხადი ხდება, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია არა ბანკის კლიენტი ორგანიზაციებიდან საგადასახადო დავალიანებების ამოღებით, არამედ ამ ორგანიზაციების მიერ სს "ბანკი ქართუს" სასარგებლოდ იპოთეკა-გირავნობით დატვირთული ქონებების ჩამორთმევით. ჩვენი ბანკის იმ კლიენტებიდან, ვისი ქონებაც აუქციონებზე გაიყიდა, 3 სააქციო საზოგადოებაა, რომელთა ძირითად აქციონერს შესაბამისად, 3 პირი წარმოადგენს. აღნიშნული ორგანიზაციები საკუთრებაში ფლობდნენ 3 მსხვილ ობიექტს ქ. თბილისის ცენტრში შემდეგ მისამართებზე: ვეკუას ქუჩა #3, აგლაძის ქუჩა #37 და ჭავჭავაძის გამზირი #60. ზემოთ აღნიშნული უსამართლო ქმედებების განხორციელების შედეგად, გარდა ბანკისა, ხსენებული სააქციო საზოგადოებების ათასზე მეტი წვრილი აქციონერი დაზარალდა, რომლებმაც რეალურად თავიანთი აქციების უკან მდგარი ქონება დაკარგეს. ზემოთ აღნიშნული ქმედებების შედეგად ბანკმა 4 მსესხებელი ბიზნეს-ჯგუფის საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გირაოში ჩადებული უძრავ-მოძრავი ქონებები დაკარგა, რის შედეგადაც რეალურად 66,7 მლნ. ლარის ფინანსური დანაკარგი მიიღო. მოსალოდნელი ზარალის უარყოფითი შედეგების (საბანკო ნორმატივების შესაძლო დარღვევა) პრევენციის მიზნით ბანკმა ადეკვატურად საზედამხედველო კაპიტალი გაზარდა. ამასთან, სს "ბანკი ქართუ" კვლავაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე უფრო მაღალი ლიკვიდობის მქონე საფინანსო ინსტიტუტად საქართველოში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩეროს სს "ბანკ ქართუზე" და მის კლიენტებზე უსამართლო ზეწოლა იმის გათვალისწინებით, რომ საფრთხე მთლიანად საქართველოს საფინანსო სისტემას ექმნება, მთლიანად ქართულ ეკონომიკასა და სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს. სს "ბანკი ქართუს" ადმინისტრაცია კვლავაც გაატარებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას მოქმედი კანონმდებლობისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ფარგლებში, რათა სტაბილური საბანკო დაწესებულების სახელი შეინარჩუნოს, შეუფერხებლად მოემსახუროს კლიენტურას და პირნათლად შეასრულოს საქართველოს ეროვნული ბანკი ს თითოეული კანონიერი მოთხოვნა", - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
Related Stories