
რობერტ სტურუა – მე რასისტი არ ვარ რობერტ სტურუა თავს რასისტად არ
მიიჩნევს, - ამ თემაზე მან რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში
ისაუბრა, იუწყება ინტერპრესნიუსი.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
იგი იმ ინტერვიუსაც შეეხო, რომელშიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ამბობდა, რომ ის ეროვნებით სომეხია .
"ეს იყო ინტერვიუ. მე ვთქვი, რომ ჩვენ გვყავდა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, რომელსაც დედა სომეხი ჰყავდა. მე ბიცოლა მყავს სომეხი და რა მერე? ჩვენს თეატრში მთავარი დირიჟორი სომეხია. და მე ვთქვი, რომ სააკაშვილი ს შემთხვევაში ამ საკითხს მალავენ. როცა, დავუშვათ, ობამა ს ირჩევენ ამერიკელები, მის შესახებ ყველაფერი იციან და ეს სრულიად ნორმალურია, რადგან იქ კანონები მოქმედებს, ჩვენთან კი - არა. ეს არის ამ ხელისუფლებასთან მთავარი პრეტენზია. ჩვენთან სამართალწარმოება საშინელ დონეზეა, ციხეები საშინელ მდგომარეობაში", - აცხადებს რეჟისორი.
სტურუას განმარტებით, მას სურდა ეთქვა, რომ არსებობს სერიოზული პრობლემები და რომ შესაძლოა, მომავალში ჰიტლერები კიდევ იყვნენ. "ამას როგორმე სხვა მხრიდანაც უნდა შევხედოთ – რომ გავარკვიოთ, რატომ გაჰყვა ამ არამზადას ისეთი განათლებული ერი და რატომ მოხდა ასეთი რამ – რატომ მოხდა ჰოლოკოსტი. ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომ ახლა თავის მართლება მიწევს. რაღაც რასისტად გამოვჩნდი, მე კი რასისტი არ ვარ. ჩემი მეგობარი, პარიკმახერი მეუბნება – "გინდა, გადაგარჩენთ?" მე ვკითხე, როგორ უნდა გადამარჩინონ. მან კი მიპასუხა - "ვიტყვით, რომ ჩემზე ლაპარაკობდი, მეც ხომ მიშა მქვია". არ ვიცი, ყველაფერი ძალიან რთულადაა", - განაცხადა სტურუამ.
კითხვაზე, როდის უნდა ელოდონ მას მოსკოვში, სტურუამ უპასუხა, რომ ჯერ კიდევ უნდა იმუშაოს თამაზ ჭილაძის პიესის მიხედვით შექმნილ სპექტაკლზე "ნადირობის სეზონი".
"ბოლო 15 წლის განმავლობაში სპექტაკლი არ დამიდგამს. ეს ერთდრულად პოლიტიკური და არაპოლიტიკური სპექტაკლია, არა კონკრეტულად დღევანდელ დღეზე, არამედ საერთო აბსურდზე. სულ სამი მსახიობი თამაშობს. ცოტა უნდა შევცვალო ეს სპექტაკლი. სეზონი ამ სპექტაკლით დავხურეთ, სულ ერთხელ ვითამაშეთ. 27 სექტემბერს სეზონის გახსნა გვაქვს. იქნება საერთაშორისო ფესტივალი, სადაც თბილისის თეატრები თავის ახალ სპექტაკლებს აჩვენებენ", - განაცხადა სტურუამ.
მისივე თქმით, რუსთაველის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების ბრძანება თეატრის მმართველმა მიუტანა, რის შემდეგაც მან დოკუმენტის ფოტო ასლი გადაიღო და Fაცებოოკ-ზე საკუთარ გვერდზე ატვირთა. რეჟისორი ასევე განმარტავს, რომ კულტურის მინისტრის ბრძანებით არ გაუქმებულა სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა, მხოლოდ თავად სტურუა გაათავისუფლეს და ბრძანებაში შესაბამისი კანონის მუხლია მითითებული.
"ალბათ, ეს არის მუხლი, რომელიც ნორმალურია სამხატვრო ხელმძღვანელისა და კულტურის სამინისტროს ურთიერთობაში. არ მგონია, რომ იქ რამე დარღვევა იყოს. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ 31 ივლისს 73 წელი შემისრულდა. საქართველოში საპენსიო ასაკის შესახებ კანონს მკაცრად იცავენ. გამოდის, პენსიაზე გამიშვეს", - განაცხადა რობერტ სტურუამ.
რეჟოსორის თქმით, მისი გადაწყვეტილება და ის, თუ როგორ მოიქცევა, მომავალ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული. "დღეს მოსკოვიდან "ეტ სეტერა"-ს პროდიუსერმა დავიდ სმელიანსკიმ, ასევე, თეატრიდან "ეტ სეტერა" ალექსანდრ კალიაგინმა დამირეკა. მათ ეს დიდი ხანია უნდოდათ. თანხმობისკენ ვარ გადახრილი, მაგრამ ჯერ საბოლოო პასუხი არ მითქვამს. მინდა, გავერკვე, რა მოხდება", - განაცხადა სტურუამ. მისივე თქმით, კალიაგინი მას თეატრის მიწვეული მთავარი რეჟისორის თანამდებობას სთავაზობს.
რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 9 აგვისტოს გაათავისუფლეს. შესაბამის ბრძანებას ხელს აწერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა.
ამასთან, ნიკა რურუამ განაცხადა, რომ რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან მის მიერ გამოთქმული "ეთნიკური მეტაფორების" გამო გათავისუფლდა.
"სახელმწიფო, რომელიც მოცემულობით არის მულტიეთნიკური და მულტიკულტურული, ვერ შეეგუება და ვერ დააფინანსებს ქსენოფობიას. ქსენოფობიაში იგულისხმება ის გამონათქვამები, ეთნიკური მეტაფორები, რომელსაც სტურუა იყებენდა მრავალრიცხოვანი ინტერვიუების დროს", - განაცხადა ნიკა რურუამ.
Related Stories