
დღეიდან თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც "პირWელს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ქართული თეატრისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით "თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი" უკვე მესამედ ტარდება.
ღონისძიება სამი ნაწილისაგან შედგება: ქართული სპექტაკლების პროგრამა, საერთაშორისო პროგრამა და უორქშოფები, გამოფენები და სემინარები.
ამასთან, საერთაშორისო პროგრამას მიმართულება "NEW" დაემატა, რომელიც კონკურსის საფუძველზე ახალგაზრდა დასებისა და ახალი კომპანიების აღმოჩენასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას ითვალისწინებს.
საერთაშორისო პროგრამა ავსტრიის, იაპონიის, უკრაინის, ლიტვის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ისრაელის, გერმანიის, სომხეთის, ხორვატიის, ინდოეთის, ირანის, კორეის, სლოვენიის, ნიდერლანდების, ჩინეთის, შვეიცარიის, რუსეთის თეატრალურ და საბალეტო დასებს სამი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.
ფესტივალის ორგანიზატორთა განცხადებით, საერთაშორისო პროგრამის მთავარი მოვლენაა სპექტაკლი “ჯოჯოხეთური კომედია - სერიული მკვლელის აღსარებანი” მსოფლიო კინოს ვარსკვლავის ჯონ მალკოვიჩის მონაწილეობით, რომელიც ვენის აკადემიური ორკესტრის თანხლებით გაიმართება.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ისრაელის თეატრების სპექტაკლებიც.
გარდა ამისა, წელს პირველად, ფესტივალზე ორი საბალეტო დასი - სამსუნის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი (თურქეთი) სპექტაკლით "ამორძალები" და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი მიიღებენ მონაწილეობას.
ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა თეატრი 2010-2011 წლის პროდუქციას წარმოადგენს. სულ 33 სპექტაკლი იქნება ნაჩვენები.
ფესტივალის მასპინძლები შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრები, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრი, "თავისუფალი თეატრი" და "სამეფო უბნის თეატრი" არიან.
ფესტივალი, რომელიც თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, 26 დღეს გასტანს.
Related Stories