"აფბას" მტკიცებით, "ავერსი რაციონალის" მიერ წარმოებული წამლები "პსპ" -
ში უფრო იაფად იყიდება, ვიდრე თავად "ავერსის" აფთიაქებში.
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ამის შესახებ "აფბას" პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ ხშირად ფასში განსხვავება 0.6-დან 1 ლარამდე მერყეობს, იტყობინება პირWელი.
"ავერსი რაციონალის" მიერ წარმოებული რამდენიმე მედიკამენტი, მათ შორის "აისოლი", "ადაფტოლი", "ბაუმი", "დიკლოფეროლი" და სხვები "პსპ"-ში უფრო იაფია, ვიდრე თავად "ავერსში". გაუგებარია, როგორ ახერხებს “პსპ” კონკურენტი ფირმის მიერ წარმოებული მედიკამენტების უფრო იაფად გაყიდვას, ვიდრე თავად მწარმოებელი ქარხნის მეპატრონე?! ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ "ავერსს" საკუთარი მედიკამენტების გაყიდვა ბევრად იაფად შეუძლია, მაგრამ ამას უბრალოდ არ აკეთებს", - განაცხადა ჯანიაშვილმა.
მისივე თქმით, გაუგებარია ასევე, რატოაა იდენტური ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ორიგინალი წამლების და ე.წ. "ჯენერიკების", ანუ ორიგინალის ანალოგი მედიკამენტების ფასები.
"ორიგინალი მედიკამენტის შექმნას დაახლოებით 1.7 მლრდ დოლარი სჭირდება, ხოლო "ჯენერიკის" შექმნაზე არანაირი კვლევისა და სერტიფიკატების აღება საჭირო აღარაა. შესაბამისად, გაუგებარია, რატომაა ორიგინალის და "ჯენერიკის" ფასი იდენტური?!", - აღნიშნა ჯანიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ფარმაცევტული ბაზრის კვლევა "აფბამ" მიმდინარე წლის 29 მარტს დაიწყო. კვლევის ძირითად მიმართულებებს ქართული ფარმაცევტული ბაზრის სტრუქტურის, პრეპარატების რეგისტრაციის პრაქტიკის, იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების პრეპარატების ხარისხის, საფასო პოლიტიკის, ფარმაცევტული საქონლის იმპორტის და ექსპორტის სტრუქტურის, მედიკამენტების წარმოების ადგილობრივი ბაზრის და ფარმაცევტულ და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებული ურთიერთობების გარკვევა წარმოადგენს. კვლევა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.
Related Stories