| სამშენებლო ამნისტიის დეტალები სექტემბრისთვის გაირკვევა |
|
02/08/2011 16:13 (295 დღე 11:36 minutes ago) | ||||||||||||
|
ექსპერტების ვარაუდით, სამშენებლო კომპანიების 70%–ს ახალი ამნისტია მდგომარეობას შეუმსუბუქებს, დარჩენილი 30% კი შესაძლოა პროექტს გამოეთიშოს და კიდევ უფრო დაზარალდეს, იუწყება რადიო კომერსანტი, გაზეთ „რეზონანსის“ მასალების მიხედვით. შესაბამის ინფორმაციას მერია სექტემბრის ბოლოს წარმოადგენს.
შეგახსენებთ: დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებული საფინანსო ამნისტია სამშენებლო კომპანიებს სამთვიან ვადაში რეაბილიტაციის კონკრეტული პროექტის წარდგენას ავალდებულებს. ახალი დოკუმენტის საფუძველზე სამშენებლო ფირმებს დაუმთავრებელი მშენებლობების გამო დაკისრებული ჯარიმები გაუუქმდებათ, თუმცა სანაცვლოდ მშენებლობების განახლებასთან დაკავშირებით ახალი ვადების გამოცხადება მოუწევთ. თუმცა ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ ჯარიმები არ გაუუქმდებათ და მომავალში მათ მიმართ სხვადასხვა სანქცია გატარდება.
ცნობისთვის: თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმა ერთ კვადრატულ მეტრზე 10 თეთრიდან ერთ ლარამდეა.
სამშენებლო სფეროს ექსპერტი გურამ ფალავანდიშვილი შიშობს, რომ ქართული სამშენებლო კომპანიების ნაწილს კონკრეტულ ვადაში ჩატევა და ახალი პროექტების წარდგენა გაუჭირდება და ბევრი მათგანი გადარჩენის ნაცვლად ხაფანგში აღმოჩნდება. ექსპერტი ამბობს, რომ შეთავაზებული პირობები არ არის ურიგო, მაგრამ მათ შესრულებას გაკოტრებული კომპანიები მაინც ვერ მოახერხებენ.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|


