"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"


Thursday, May 24, 2012
News Making Money

ბრძოლა განათლების უფლებისთვის

ავტორი ელენე ხაჭაპურიძე, ნეტგაზეთი

31/01/2012 15:43 (113 დღე 13:22 minutes ago)

53–ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლის მშობელი სასამართლოში ჩივის და ბავშვის სკოლაში აღდგენას მოითხოვს, ასევე, მისი შვილის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის დახურვას.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მიხეილ ალექსიძე, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, გასული წლის 13 ოქტომბერს გაირიცხა სკოლიდან. იმავე დღეს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობის მუხლით. ალექსიძე მოწმის სტატუსით დაიკითხა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, მოსწავლის გარიცხვა არის უკიდურესი ფორმა და ამ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  დისციპლინური კომიტეტი, რომელიც 4 წევრისგან შედგება: 2 მასწავლებელია, ერთი მშობელი და ერთიც მოსწავლე.

მიხეილ ალექსიძის ადვოკატი ლიკა წიკლაური ამბობს, რომ კომიტეტი ვალდებულია ყოველმხრივ გამოიკვლიოს გარემოებები და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება:

„გამოუკვლეველი, საეჭვო ან სადაო გარემოება არ შეიძლება გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად“.

ალექსიძის გარიცხვას საფუძვლად დაედო სკოლის დირექტორის, ტატო შავშიშვილის მოხსენებითი ბარათი და ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებლის ახსნა–განმარტებითი ბარათი, თუმცა ქიმიის მასწავლებელი თავის ახსნა–განმარტებით ბარათში საერთოდ არ ახსენებს ალექსიძეს, მასში აღწერილია, თუ როგორ ცდილობდა სასწავლო პროცესის ჩაშლას სხვა მოსწავლე [ნ.ს,  რომელიც, ასევე გარიცხული იქნა სკოლიდან, თუმცა ის ახლა კერძო სკოლაში აგრძელებს სწავლას. ავტ.] და როგორ დააკავა ის მანდატურმა გაკვეთილიდან გაშვების შემდეგ.

53-ე სკოლის დირექტორის ტატო შავშიშვილის კი თავის მოხსენებით ბარათში მიუთითებს, რომ ქიმიის მასწავლებლისადმი მიყენებული შეურაცხყოფის გამო, მან ნ.ს -ს განუმარტა, რომ სკოლის შინაგანაწესის დარღვევის გამო მის მიმართ შესაძლოა გამოეყენებინათ დისციპლინარული სახდელი:

“ნ.ს-მ მეც უხეშად მომმართა და ოთახიდან გავიდა. რამდენიმე წუთში ოთახში შემოვიდნენ ნ.ს და მიხეილ ალექსიძე, რომლებმაც ჩემი მისამართით ლანძღვა-გინება დაიწყეს,”- წერს შავშიშვილი.

თუმცა ამ ინციდენტის სხვა მოწმე არ არსებობს, ასევე, მოსწავლეები, რომლებიც იმ დროს დირექტორის კართან იდგნენ, აღნიშნავენ, რომ ოთახიდან არც ხმაური ისმოდა და არც გინება.

ალექსიძის სკოლიდან გარიცხვასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინს. ომბუდსმენის აპარატმა საქმის შესწავლა გარიცხული მოსწავლის დედის განცხადების საფუძველზე დაიწყო: ლალი ლეკიშვილმა გიორგი ტუღუშს 19 ოქტომბერს მიმართა განცხადებით.

“საქმეში არსებული ახსნა–განმარტებები მოწმობს, რომ ადგილი ჰქონდა სკოლის დირექტორის მხრიდან კომიტეტის წევრებზე ზეწოლის ფაქტს. გადაწყვეტილება მიხეილ ალექსიძის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე არ იყო დასაბუთებული და დისციპლინური კომიტეტის მიერ მოსწავლის მიმართ, სკოლიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ჩაითვალოს არათანაზომიერად,”- წერს სახალხო დამცველის რეკომენდაციაში, რასაც შაშკინის უწყებიდან არავინ გამოხმაურებია.

შაშკინს პირადად შეხვდა ალექსიძის დედა, რომელსაც მინისტრმა უთხრა, რომ იმ ვიდეომასალას აჩვენებდა, სადაც მისი შვილის ქცევა იყო დაფიქსირებული, თუმცა ლალი ლეკიშვილისთვის მსგავსი ვიდეომასალა ამ დრომდე არ უჩვენებიათ.

ალექსიძის ადვოკატის, ლიკა წიკლაურის თქმით, საქმეში არსებული არასაკმარისი მტკიცებულებები გარიცხვის ბრძანების გაუქმების უპირობო საფუძველია:

„გარემოებები არ არის გამოკვლეული, დისციპლინური კომიტეტის ერთ-ერთ წევრს, როცა სახალხო აპარატის წარმომადგენელი გაესაუბრა, მან  განაცხადა, საკმარისი იყო, რაც წარმოადგინეს, ისედაც ყველამ ყველაფერი იცოდაო. ვარაუდის საფუძველზე გარიცხეს, ფაქტობრივად, ბავშვი”.

მიხეილ ალექსიძე უკვე 3 თვეზე მეტია, სკოლაში ვერ დადის. ქალბატონი ლალი ამბობს, რომ მისი შვილი ძალიან განიცდის ამ ფაქტს:

“წარმოიდგინეთ, 15 წლის მოზარდია, გახდა დეპრესიული, ჩაკეტილი, სახლიდან საერთოდ არ გადის, ნერვიულობს, ძალიან შეურაცხყოფილია, სად უნდა ამტკიცოს, რომ უდანაშაულოა, რა დააშავა ვერ გაუგია.”

ლალი ლეკიშვილმა ამ ხნის მანძილზე რამდენიმე სკოლას (49-ე, 183-ე, 55-ე, 24-ე და 51-ე სკოლებს) მიმართა შვილის მიღების თხოვნით წერილობით. მშობელი აღნიშნავს, რომ წერილობითი პასუხი არავისგან მიუღია, თუმცა პირად საუბრებში დირექტორები თანაუგრძნობდნენ, 24-ე სკოლის დირექტორმა გია მურღულიამ კი უთხრა, რომ რამდენიმე საგანში გასაუბრების შემდეგ სკოლაში მიიღებდა ბავშვს.

"ნეტგაზეთი" დაუკავშირდა აღნიშნულ სკოლებს. დირექტორებმა გვითხრეს, რომ მოსწავლის აღდგენა ან ექსტერნად ჩაბარებული გამოცდის შემდეგ, ან გასაუბრების შემთხვევაში მოხდება, რათა სკოლამ მოსწავლე შესაფერის კლასში მიიღოს. მხოლოდ ერთმა, 49-ე სკოლის დირექტორმა დავით ბიწაძემ აღნიშნა, რომ სკოლიდან გარიცხული მოსწავლის მიღება არც ერთ დირექტორს არ სურს, თუმცა ისიც დაამატა, რომ მოსწავლეს შეფასება არ ჰქონდა და სკოლაში ამის გამო ვერ მიიღებდა.

სასამართლო პროცესი მიხეილ ალექსიძის საქმეზე 10 თებერვალს გაიმართება.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group