
ამერიკელმა ტურისტმა სტივენ ბრუკსმა საქართველოში 10 დღე გაატარა. ბრუკსმა
და მისმა ორმა მეგობარმა საქართველოში კახეთი, ყაზბეგი, ვარძია
და სვანეთი მოინახულეს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
„ საქართველო ძალიან შემიყვარდა, თუმცა აქ ჩამოსვლამდე თქვენი ქვეყნის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი,“ გვითხრა ბრუკმა. „ჩემი მეგობარი საქართველოში ინგლისურის მასაწვლებელია და მან მირჩია აქ ჩამოსვლა.“
„ძალიან მომწონს საქართველოს ბუნება, სვანეთის ულამაზესი მთები, განსაკუთრებით მთა – უშბა. სვანეთში ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან სტუმართმოყვარეა. ზოგიერთი ქართული ტრადიცია ჩემთვის ძალიან უცნაურია, მაგრამ ეგზოტიკური. მაგალითად, ქართველები ყოველთვის მთხოვდნენ მათთან ერთად არაყი, ან ღვინო დამელია და სადღეგრძელოები მეთქვა. მე ყველას ვურჩევ, რომ ეს დიდებული ქვეყანა – საქართველო ნახოს. ეს დაუვიწყარი მოგზაურობა იქნება მათთვის.“
ამერიკა იმ 10 ქვეყანას შორისაა, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩამოდის საქართველოში. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2011 წლის 10 თვის გავმავლობაში ამერიკიდან საქართველოში 21,000 – ზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. ეს რიცხვი 2010 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 21– ჯერ გაიზარდა. საქართველოში 2010 წელს სულ 20,000 ამერიკელი მოქალაქე შემოვიდა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2011 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში, საქართველოში 2,068,147 ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 43%-ით აჭარბებს. 2010 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საქართველოს 1,446,300 უცხოელი მოქალაქე ესტუმრა.
„საქართველოსათვის მიზნობრივ ბაზარს, გარდა მეზობელი ქვეყნებისა, ამერიკაც წარმოადგენს, სადაც სხვადასხვა მარკეტინგულ კამპანიებს ვანხორციელებთ. ტურისტების რაოდენობის გარდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თანხები, რასაც ტურისტები ხარჯავენ ჩვენს ქვეყანაში. ამერიკელი ტურისტები უფრო მეტ ფულს ხარჯავენ საქართველოში, ვიდრე მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები. ამიტომაც, უფრო დიდ ყურადღებას ამერიკელი ტურისტების მოზიდვას ვუთმობთ,“ აცხადებს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ბექა ჯაყელი.
„ ამერიკელი ტურისტების მოსაზიდად ჩვენ ვთანამშრომლობთ ამერიკულ ტურისტულ სააგენტოებთან, მათთვის სპეციალურ ტურებს ვაწყობთ და საქართველოში ჩამოგვყავს. გარდა ამისა, ქართულ ტურისტულ სააგენტოებს ვეხმარებით, რათა უფრო გააქტიურდნენ ამერიკულ ბაზარზე. ასევე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ პირდაპირ სარეკლამო კამპანიებზე, რაშიც სწორედ უცხოური ტელეარხების საშუალებით საქართველოს რეკლამირებას ვახდენთ,“ გვითხრა ჯაყელმა.
ჯაყელის თქმით, ამერიკელებს საქართველოში უფრო მეტად კულტურული და სათავგადასავლო ტურები აინტერესებთ. ძალიან ბევრ მათგანს საქართველოს რეგიონებში ფეხით მოგზაურობა ურჩევნია. ამერიკელებს შორის ყველაზე პოპულარული რეგიონები სვანეთი, კახეთი და მცხეთა–მთიანეთია.
„გარდა ინდივიდუალური ტურისტებისა, საქართველოში ორგანიზებული ჯგუფებიც ჩამოდიან,“ აღნიშნავს ჯაყელი.
წელს, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ მაიამიში გამოფენაზე „Miami Cruise Shipping” მიიღო მონაწილეობა. სააგენტოს მიზნად აქვს საქართველოში საკრუიზო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
„ბათუმის პორტს საკმაოდ დიდი რაოდენობის საკრუიზო გემის მიღების შესაძლებლობა აქვს. ასე რომ, ჩვენ გეგმებში საკრუიზო ტურიზმის განვითარებაც შედის,“ ამბობს ჯაყელი.
საქართველში არსებული ერთ–ერთი ტურ–ოპერატორი "კაუკაზუს თრეველიც" აცხადებს, რომ ამერიკელი ტურისტების რაოდენობა იზრდება.
„ მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტები საქართველოში უმეტესად მანქანით ჩამოდიან და ჩვენი მომსახურება მათ არ ესაჭიროებათ. იმ ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორებიდან, საიდანაც თვითმფრინავით მოფრინავენ საქართველოში, ამერიკელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს ბევრი სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობას. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ამერიკელი ჩამოვა საქართველოში უკეთესია, მაგრამ ამ ეტაპზე ეს რაოდენობა დამაკმაყოფილებელია,“ გვითხრა „კაუკაზუს თრეველის“ მენეჯერმა.
Related Stories