
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2011 წლის პირველი
10 თვის განმავლობაში, საქართველოს 2. 3 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია.
საშუალოდ ყოველ თვე ქვეყანაში 300 000 ტურისტი შემოდის.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
„2011 წლის ბოლოსთვის საქართველოში სამ მილიონამდე ტურისტი დაფიქსირდება,“ აცხადებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძე The FINANCIAL – თან ინტერვიუში. „ თუ ზამთრის სეზონი ადრე დაიწყება, დეკემბერში თოვლიანობის გამო, შეიძლება ეს რიცხვი 3 მილიონსაც აღემატოს. 2011 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში შემოსული ტურისტების რიცხვი 42 %–ით მეტია 2010 წლის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით.
„საქართველოს ყველა რეგიონი პოპულარული და პრიორიტეტულია. თუმცა, თუ ვიმსჯელებთ დღესდღეისობით ტურისტების რაოდენობის მიხედვით, უდაოდ გამოიკვეთება საქართველოს დედაქალაქის წილი. ასევე, მაღალია ბათუმის მონახულების მაჩვენებელიც. ვიზიტების თვალსაზრისით, ასევე პოპულარულია - ქობულეთი, ქუთაისი, მცხეთა, ურეკი, სტეფანწმინდა, გორი, ბორჯომი, ლაგოდეხი, მესტია და უშგული, სიღნაღი.“
წელს ტურისტების რეკორდული რაოდენობა შემოვიდა ჩვენი მიზნობრივი ბაზრებიდან: ირანიდან 194%- ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, ყაზახეთიდან 162 % – ით , ჩინეთიდან 140% – ით , ხოლო პოლონეთიდან 77%– ით. უცხოელ მოგზაურთა უმრავლესობა ჩვენს საზღვაო და სამთო–სათხილამურო კურორტებზე დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით ჩამოვიდა. ტურისტებში ძალიან პოპულარულია ასევე შემეცნებითი და სათავგადასავლო, კულტურული ტურები, ასევე ეკოტურიზმი, ღვინის ტურიზმი, ბიზნეს ტურიზმი და სხვა.
უცხოელი მოქალაქეების საქართველოში ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 5 დღეა. ქვეყნის ტერიტორიაზე საშუალოდ 2-დან 7 დღემდე ვიზიტორთა თითქმის ნახევარი (44%) რჩება. დასვენება/რეკრეაციის მიზნით ვიზიტორები საქართველოს შედარებით ხანგრძლივად სტუმრობენ და საშუალოდ 7 დღეს ატარებენ ქვეყანაში, ბიზნესი ს / პროფესიული საქმიანობის მიზნით ჩამოსულ უცხოელთა ვიზიტი კი 3 დღეს გრძელდება.
საქართველოში ჩამოსული ტურისტების 66% მამაკაცია, ხოლო 44%-ქალი. მათი ასაკი 25-44 შუალედში მერყეობს.
ტურიზმის რომელი მიმართულებებია საქართველოში ყველზე მეტად განვითარებული? სხვების განვითარებას რა უშლის ხელს?
ვინაიდან საქართველო, როგორც ახალი ტურისტული დესტინაცია ახლა იმკვიდრებს თავს მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე, ტურიზმის თითქმის ყველა მიმართულება განვითარების სტადიაშია. ძირითადად ხელისშემშლელ ფაქტორებად შეიძლება დასახელდეს ინფრასტრუქტურა და პროფესიონალი ადამიანური რესურსი. მაგ. ალპინისტური ტურიზმის განვითარებისათვის საჭიროა სამაშველო სამსახური და საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე სამთო გიდები.
გარდა ზღვაზე და სამთო-სათხილამურო კურორტებზე დასვენებისა, საქართველოს ტურისტული ბაზარი შეიძლება დავყოთ რამდენიმე სამოგზაურო სეგმენტად, მათ შორის აღსანიშნავია საქმიანი ტურიზმი, რომლის ორ ძირითად ცენტრს ქალაქები თბილისი და ბათუმი წარმოადგენენ. ასევე მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენენ სათავგადასავლო და ეკო ტურიზმის სეგმენტები, რომლის მოყვარულებიც საქართველოს ძირითადად ზაფხულის პერიოდში სტუმრობენ. მიუხედავად იმისა, რომ სამკურნალო ტურიზმის სეგმენტის წილი უმნიშვნელოა, მაინც უნდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით მკურნალობის დაბალი ღირებულება და სამკურნალო კურორტების სიმრავლე განაპირობებს უცხოელების დაინტერესებას ჩვენს ქვეყანაში ჩაიტარონ სამკურნალო პროცედურები.
ამ ეტაპზე სააგენტო ინტენსიურად მუშაობს ღვინის ტურიზმის განვითარებისათვის, ასევე სამთო სათხილამურო და ალპინისტური ტურიზმის განვითარებისათვის. ასევე გეგმაშია ეთნოგრაფიული, კულინარიული და ეკო-ტურიზმის განვითარება და ყველა ამ კომპონენტს მოიცავს გეოტურიზმი.
რომელი მიმართულებაა ყველაზე მომგებიანი? რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ მეტს?
საქართველოში ყველაზე მომგებიანი საქმიანი ტურიზმია. საშუალოდ ყველაზე დიდ თანხას სწორედ საქმიანი მიზნით ჩამოსული ტურისტები ხარჯავენ ქვეყანაში. თუმცა ჯამური თვალსაზრისით, დასვენების მიზნით ჩამოსული ტურისტები სჭარბობენ და ქვეყნისთვისაც ამ ტიპის ტურისტებს მოაქვთ უფრო მეტი შემოსავალი. ყველაზე მეტ თანხას ქვეყანაში განვითარებული ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები ხარჯავენ, რომლებიც ძირითადად დასავლეთ ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და აღმოსავლეთ აზიიდან გვსტუმრობენ.
თქვენი აზრით, რა იყო 2011 წელის მთავარი გამოწვევები?
წლევანდელი წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე დინამიური წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის და მისი ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ. ამაზე მარტო უცხოელი ტურისტების ზრდის ნაკადის პროცენტული მაჩვენებელი არ მეტყველებს, ძალიან სწრაფად განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა: მოხდა როგორც ძველი კურორტების აღდგენა და რეაბილიტაცია ასევე ახალი კურორტების შექმნა და დაარსება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ქსელების განვითარება და ახალი აეროპორტების მშენებლობა . უკვე გახსნილია მესტიის აეროპორტი და საფუძველი ჩაეყარა ქუთაისის აეროპორტი ს მშენებლობა ს. ხოლო წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად ზუგდიდი-მესტიის გზას მივიჩნევ.
ტურიზმის სფეროს უფრო მეტად გასავითარებლად მთავარი გამოწვევები და პრიორიტეტული ამოცანები იქნება ტურისტული ინფასტრუქტურის განვითარება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, სფეროში ადამიანური რესურსის კვალიფიკაციის ამაღლება და განათლების ხარისხის გაძლიერება და რა თქმა უნდა ქვეყნის უცხოურ ბაზრებზე პოპულარიზაცია და რეკლამირება, რომ საქართველომ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე თავისი მნიშვნელოვანი ნიშა დაიკავოს.
გთხოვთ გვესაუბროთ 2012 წლის კონკრეტული გეგმების შესახებ.
2011 წლის დეკემბრის ბოლოს გაიმართება ბრიფინგი, სადაც გავაჟღერებთ 2012 წლის სამოქმედო გეგმას. ზოგადი გეგმები კი არის: ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (twinning) დაწყება. პროექტის მიზანს წარმოადგენს: ტურისტული ადგილის მართვის ორგანიზაციების მოდელის შექმნა, საკანონმდებლო სისტემის გაუმჯობესება, ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება.საერთაშორისო დონის სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბება. გარდა ამისა ჩვენს გეგმებში შედის: ახალი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების გახსნა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, ძველი კურორტების რეაბილიტაცია და ახალი კურორტების შექმნა, ტურისტული ადგილების განვითარების გეგმების შემუშავება და განხორციელება, ასევე ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, აქტიური სარეკლამო კამპანიების წარმოება მიზნობრივ ბაზრებზე.
საქართველოში მეზობელი და პოსტ საბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები ჭარბობენ. რომელია ამ ეტაპზე სააგენტოს მარკეტინგულ გათვლებში მთავარი სეგმენტ ქვეყნები? როგორ უნდა მოხდეს ამერიკასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ტურსიტების მოზიდვა?
ჩვენი მიზნობრივი ბაზრები ორ ნაწილად იყოფა: პირველადი და მეორადი ბაზრები. პირველად ბაზრებს განეკუთვნებიან მეზობელი ქვეყნები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. პირველად ბაზრებზე საქართველოს ცნობადობა როგორც ტურისტული მიმართულების შედარებით მაღალია და ამ ბაზრებზე უფრო მეტად სარეკლამო ხასიათის კამპანიებს ვაწარმოებთ. მეორად ბაზრებს განეკუთვნება დასავლეთ ევროპა და შორეული ქვეყნები, როგორიცაა ამერიკისა და აზიის ქვეყნები. ამ ბაზრებზე საქართველოს ცნობადობა როგორც ტურისტული მიმართულების შედარებით დაბალია და აქედან გამომდინარე, ჩვენი მარკეტინგული ღონისძიებები უფრო პიარ და ინფორმაციული კამპანიებით შემოიფარგლება.
ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ახალ ბაზრების ათვისებაზე და იმ ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე, რომლებსაც ამ კონკრეტულ ბაზრებს შევთავაზებთ. რაც შეეხება ტურისტებს დასავლეთ ევროპიდან და ამერიკიდან, პირველ რიგში აღსანიშნავია რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს უვიზო შემოსვლა აქვთ საქართველოში, რაც ხელს უწყობს ტურისტების ნაკადის მატებას. მეორეს მხრივ მეტი პირდაპირი რეისებია საჭირო ამ ქვეყნებთან უფრო მკვეთრი მატებისთვის. წელს ინტენსიურად გადიოდა ჩვენი რეკლამები ამერიკულ არხებზე, შედეგად საქართველოს ცნობადობა როგორც ტურისტული მიმართულების მკვეთრად გაიზარდა ამ ქვეყნებში.
საქართველოში ავია ბილეთების ფასები, სასტუმროს ფასები რამდენად ხელსაყრელია ტურისტების მოსაზიდად?
კერძო სექტორის შეთავაზებული ფასები უნდა იყოს მომსახურების და მათ მიერ შეთავაზებული პროდუქტის ხარისხის შესაბამისი. დღევანდელ დღეს მაღალი მოთხოვნის გამო ბევრს გარანტირებული ბიზნესი აქვს და მომსახურების გაუმჯობესებაზე ნაკლებად ფიქრობს რაც მოკლევადიანი ხედვაა და განაპირობებს იმას რომ ბაზარზე ფასები არ არის მომსახურების შესაბამისი. თუმცა, მოთხოვნა მკვეთრად იზრდება და კონკურენციის ზრდასთან ერთად კერძო სექტორის წარმომადგენლები მალე მიხვდებიან, რომ იმისათვის რომ ბაზარზე დარჩნენ და იყვნენ კონკურენტუნარიანები უნდა გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი და ფასებიც შესაბამისი დაადონ.
ქვეყანაში ღამის გართობის მცირე საშუალებაა, რაც ტურსიტების უკმაყოფილებას იწვევს. გეგმავთ თუ არა რაიმე ცვლილებების განხორციელებას ამ ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის?
ეს კერძო სექტორის საქმიანობაა. სახელმწიფო ცდილობს გაზარდოს მოთხოვნა ქვეყანაში და შექმნას შესაბამისი პირობები, რომ ასეთი ტიპის დაწესებულებებზე მოთხოვნა გაიზარდოს და ეს თუ უკვე ასეა, ვფიქრობ რომ სახელმწიფომ თავისი წილი გააკეთა, სხვა დანარჩენს კი ბაზარი არეგულირებს და იქ სადაც მოთხოვნაა მიწოდებაც მალე გაჩნდება.
როგორია საქართველოში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგია? რეგიონებში იგეგმებოდა კურსების ჩატარება, რა შედეგი მოიტანა?
ჩვენ გვაქვს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების როგორც მოკლევადიანი ასევე გრძელვადიანი სტრატეგიაც. მოკლევადიანი სტრატეგიაში შედის: საქართველოს კურორტებზე და სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში მოკლევადიანი ტრეინინგების ჩატარება, რაც ყოველწლიურად ტარდება. მოსახლეობის მოთხოვნიდან გამოდინარე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჩატარდა მოკლე ტრენინგები სასტუმრო სახლების მართვაში, ბიზნესი ს მართვაში და ასევე ინგლისური ენის ძირითად კურსში. გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი კი ამ სფეროში განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ადამიანური რესურსის კვალიფიკაციის ამაღლებაა. წელს უკვე ჩამოყალიბდა პროფესიული სასწავლებლები როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან მომსახურების ქვედა და საშუალო საფეხურის პერსონა ლის მომზადება-გადამზადებაზე, როგორიცაა მიმტანი, მზარეული, ბარმენი და სხვა. ძალიან მალე ტურიზმის ეროვნული სააგენტო გახსნის gaxsnis Learning, Training, Research and Development Centre--ს, სადაც არამარტო ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლება შეიძლება, არამედ კვლევისა და განვითარების ცენტრში ტურიზმის ექსპერტები და სტუდენტები შეძლებენ დარგში სხვადასხვა კვლევების ჩატარებას და ნარკვევების გამოქვეყნებას რაც ტურიზმის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.
თქვენ ზოგიერთი რეგიონის სრული რეაბილიტაცია მოახდინეთ, ზოგიერთი კი აღდგენის პროცესშია. ხალხი ამ პროცესს ე.წ. „სიღნაღიზაციას“ ეძახის. სიღნაღი პირველი ქალაქი იყო, რომლის რეაბილიტაციაც მოხდა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან უარყოფითი რეაქციები მოყვა. რას იტყვით ამ ყველაფრის შესახებ?
საზოგადოების აზრი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ყოველთვის იყოფა და ეს სრულიად ჯანსაღია. ეს ყველაფერი კეთდება ქვეყნის კეთილდღეობისთვის და დღევანდელდღეს ვინმეს რამე თუ არ მოსწონს მასაც შეუძლია მონაწილეობის მიღება მის გაუმჯობესებაში. წლების წინ საფრანგეთშიც იყო სკანდალი, როცა ლუვრის წინ თანამედროვე შუშის პირამიდის კონსტრუქცია დადეს, თუმცა დღეს პარიზის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ღირშესანიშნაობად ითვლება.
მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის დროს სიძველეების შენარჩუნებაც და ტურისტული ინფასტრუქტურის აღდგენის და შენების დროს ყოველთვის გათვალისწინებულია ადგილობრივი სპეციფიკა.
წელს საქართველო მსოფლიო საკრუიზო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, რა შედეგი მოიტანა?
საერთაშორისო გამოფენის Cruise and Shipping Miami 2011 ფარგლებში მიმდინარე კონფერენციაში მონაწილეობის მთავრ მიზანს წარმოადგენდა ბათუმის პორტში კრუიზების რაოდენობის გაზრდა საერთაშორისო საკრუიზო კომპანიების მოზიდვის საშუალებით. უნდა აღინიშნოს, რომ გამოფენის ფარგლებში მოხდა მეტად მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარება და კონკრეტული გეგმების დასახვა. განიხილა მსხვილი საკრუიზო კომპანიების საქართველოში შემოსვლის საკითხი. გამოფენაზე გამართული მოლაპარაკებების შედგად მოხდება ბათუმის შეტანა კრუიზებზე მომუშავე ცნობილი კომპანიების ტურისტულ კატალოგებში.
რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოზე ინფორმაცია თუნდაც ამერიკელი და ევროპელი ან აზიელი ტურისტებიბისთვის? რა კონკრეტული საშუალებებით შეუძლიათ ინფორმაციის მიღება?
საქართველოზე ინფორმაცია მისაწვდომია როგორც ინტერნეტ სივრცეში, ასევე სხვადასხვა ტიპის მედიაში, თუმცა დღევანდელ დღეს ეს ინფორმაცია მწირია და 2012 წელს ჩვენ განსაკუთრებული გეგმები გვაქვს ინფორმაციული კამპანიის მხრივ, რაშიც იგულისხმება როგორც ჩვენი საიტის განახლება და სოციალური მედიის აქტიური გამოყენება ასევე search engine optimization ყველა ჩვენი საიტის და პრინტ მედიის გამოყენება ამა თუ იმ მიზნობრივ ბაზრებზე. ჩვენი საიტი (www.georgia.travel) მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში ტურისტულ სანახაობებზე ინფორმაციის გასავრცელებლად და ამიტომაც მისი განახლება ჩვენთვის პრიორიტეტია, რაც უკვე პროცესშია.
ტურებს საქართველოს შესახებ ნახავთ თითქმის ყველა ძირითად მსხვილ ტურისტულ სააგენტოების კატალოგებში, მაგალითად TUI, Mir Corporation, KUONI , JTB და ა.შ. აქტიურად დავეხმარებით კერძო სექტორს რომ დაფიქსირდეს ისეთ ონლაინ სააგენტოებში როგორიცაა: booking.com, lastminute.com, tripadvisor და ა.შ.
ტურისტების მოსაზიდად და ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად, როგორც ტურისტული მიმართულების, მნიშვნელოვანია ეფექტური მარკეტინგული და პიარ კამპანიები, რაც ყველამ ვიცით რომ იაფი არ ჯდება, თუმცა მარკეტინგული ღონისძიებები როგორიცაა ქვეყნის პოპულარიზაცია, რეკლამა და პიარი აუცილებელია დღევანდელი კონკურენციის პირობებში. რეკლამები ხორციელდება როგორც მიზნობრივ ბაზრებზე სეზონურად, ასევე ხორციელდება დიდი პროექტები ისეთ ყურებად არხებზე როგორიცაა CNN და Travel Channel ამ ყველაფრის მიზანი და ეფექტურობა არამარტო გამოიხატება იმაში, რომ იზრდება ტურისტების ნაკადი და უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში არამედ ამას ყველაფერს აქვს უფრო გრძელვადიანი შედეგებიც და მიზნებიც როგორიცაა მოთხოვნის ზრდასთან ერთად მიწოდების გაზრდა შესაბამისად კი ინფრასტრუქტურის განვითარება და დასაქმება. რეკლამები ნამდვილად მოქმედებს ეფექტურად და ეს ტურისტების ზრდაზე აისახება პირდაპირ. სხვა შემთხვევაში რაც არ უნდა კეთდებოდეს ქვეყნის შიგნით რეკლამის გარეშე ამაზე ქვეყნის გარეთ ვერ გაიგებდნენ და შესაბამისად ინტერესიც ნაკლები იქნებოდა და ჩამომსვლელთა რაოდენობაც. ამ ეტაპზე რეკლამები გადის ჩვენს პირველად მიზნობრივ ბაზრებზე ზამთრის კურორტებზე ტურისტების მოსაზიდად.
საქართველო სულ ახალახან გაჩნდა Google Map –ზე. რამე კონკრეტულ შედეგზე თუ შეგვიძლია ვისაუბროთ?
Google Map -ზე საქართველოს გამოჩენა მნიშვნელოვანია. ტურისტების უმრავლესობა სანამ ქვეყანაში გაემგზავრება აუცილებლად შედის ამ საიტზე და ახლა უკვე ამის მეშვეობით საქართველოზე ყველანაირი ინფორმაციის მოძიება შეეძლებათ საორიენტაციოდ.
თქვენ თავად რამდენად გიყვართ მოგზაურობა ? რომელი ქვეყანა და საქართველოს რომელი რეგიონია თქვენთვის სამოგზაუროდ მიმზიდველი?
ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ალბათ ამიტომაც ავირჩიე პროფესიად ტურიზმის დარგი. მიყვარს სიახლეები, ეგზოტიკა და ცვლილებები. საქართველოში მოგზაურობა ძალიან მიყვარს და ყველა რეგიონთან განსაკუთრებული მოგონებები და შტაბეჭდილებები მაკავშირებს. მიყვარს სვანეთი და მესტია, ეს ის ადგილია სადაც უკან დაბრუნება სულ გინდება, შემოდგომის ბათუმი როცა ჯერ ისევ თბილა, შედარებით სიწყნარეა და სეირნობა ბულვარზე, ან ველოსიპედით სიარული სასიამოვნოა, კახეთი განსაკუთრებულია და იქ ყოფნა სულ კარგ ხასიათზე მაყენებს, ალბათ ვერც ჩამოვთვლი რადგან საქართველოს ყველა რეგიონში მიყვარს მოგზაურობა , მოგზაურობა ჩემთვის თავისუფლების ტოლფასია და ხანდახან ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება მიჭირს.
Related Stories