
ოფიციალური ინფორმაციით, 2011 წლის განმავლობაში საქართველოში 2 მლნ 800 ათასამდე ტურისტი შემოვიდა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ინტერპრესნიუსის ცნობით, ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ წლის შედეგები სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და მთავრობას გააცნო.
როგორც პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებს ტურიზმის სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძემ განუცხადა, აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის 40 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით.
"მიმდინარე წელი აქტიური და დინამიკური იყო. ამის თქმის საფუძველს უპირველესად ტურისტების ნაკადის ზრდა გვაძლევს, რომელიც თითქმის 40 პროცენტით არის გაზრდილი. წლის განმავლობაში საქართველოში 2 მლნ 800 ათასამდე ტურისტი შემოვიდა, რაც ძალიან სასიხარულოა", - განაცხადა სიდამონიძემ.
მისი თქმით, გარდა აღნიშნულისა, წლის განმავლობაში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის გაიხსნა ახალი კურორტები, შეიქმნა საინფორმაციო ცენტრები და სხვა.
"გარდა ამისა, აქტიური კამპანია მიმდინარეობდა საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით. ცალკეულ სეზონებთან დაკავშირებით გადავიღეთ სარეკლამო რგოლები და მომზადდა დოკუმენტური ფილმები, რომლებიც ცნობილი ტელეკომპანიების ეთერში ტრიალებდა", - აღნიშნა სიდამონიძემ.
რაც შეეხება მომავალი წლის პრიორიტეტებს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, 2012 წელს განსაკუთრებული აქცენტი ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებისა და განათლების ხარისხზე გაკეთდება.
"ეს პირდაპირ აისახება მომსახურების ხარისხზე, რაც ჯერ კიდევ პრობლემურია. ვფიქრობთ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად გავხსნათ ტურიზმის სასწავლო ცენტრი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება კვალიფიკაციის ამაღლება", - განმარტა სიდამონიძემ.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საქართველოში რეკორდულად იმატა მოგზაურების შემოსვლამ ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა ირანი, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი, თუმცა ყველაზე მეტი ტურისტი წლის განმავლობაში მაინც თურქეთიდან შემოვიდა.
უცხოელი ვიზიტორების მიერ ყველაზე მეტად მონახულებადი ადგილებიდან პირველობა საქართველოს დედაქალაქს უკავია, შემდეგ კი მას ბათუმი, მცხეთა, ქუთაისი, ლაგოდეხი, სტეფანწმინდა, სიღნაღი, ქობულეთი და მესტია მოჰყვება.
Related Stories